Netflix-მა ცნობილი სტენფორდის ციხის ექსპერიმენტის მიხედვით ახალი დოკუმენტური სერიალი დაიწყო.

სერიალი, სახელწოდებით სტენფორდის ციხის ახალი ექსპერიმენტი (The New Stanford Prison Experiment), 21 ოქტომბერს გამოვა. პირველი სეზონი 6 ეპიზოდისგან შედგება, რომელთა ხანგრძლივობაც 45 წუთია.

პროექტის ოფიციალური აღწერა ასეთია:

"30 მოხალისე შემთხვევითობის პრინციპით ციხის ზედამხედველებად და პატიმრებად გადანაწილდება. ვნახავთ, ძალაუფლების, იერარქიისა და კონტროლის სისტემაში აღმოჩენილნი, შეეგუებიან მათთვის მინიჭებულ როლებს, თუ მაინც შეინარჩუნებენ ემპათიასა და მორალს. დაძაბულობის მატებასა და ძალაუფლების ბალანსის ცვლილებასთან ერთად, სულ უფრო აქტუალური ხდება შეკითხვა — აფუჭებს თუ არა ძალაუფლება ადამიანს?"

"სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი ყოველთვის მხიბლავდა", — განაცხადა პროექტის აღმასრულებელმა პროდიუსერმა, ჯეინ ლიპსიცმა — "სერიოზული ეთიკური ხარვეზების მიუხედავად, მან დასვა ფუნდამენტური შეკითხვა, რომელიც დღეს კიდევ უფრო აქტუალურია — როგორ მოქმედებს ძალაუფლება ადამიანთა ეთიკურ არჩევანზე? ამ სოციალური ექსპერიმენტის ახლებურად გააზრება ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი რამ იყო, რაც კი ოდესმე გამოგვიცდია".

ფოტო: Britannica

სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი 1971 წელს, სტენფორდის უნივერსიტეტის კამპუსში, ფსიქოლოგიის პროფესორ ფილიპ ზიმბარდოს ხელმძღვანელობით ჩატარდა. ექსპერიმენტი, რომელიც თავდაპირველად 2 კვირაზე იყო გათვლილი, ერთ კვირაზე ნაკლებ დროში შეწყდა, რადგან ზედამხედველების როლებში მყოფმა პირებმა პატიმრებად განაწილებულ სტუდენტებზე ძალადობა დაიწყეს, რასაც სხვა ეთიკური პრობლემებიც დაემატა. ამ და იმავე პერიოდში ჩატარებულმა სხვა ექსპერიმენტებმა დასაბამი მისცა ექსპერიმენტთა წესების გამკაცრებას, რათა მონაწილეთა დაზიანება თავიდან აერიდებინათ.