"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" , — ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) "სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეების" ჯგუფი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ანექსია საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა და მიუღებელ დარღვევაა.

"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის არსებითია!
რუსეთის ფედერაციამ გააძლიერა ძალისხმევა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიის მიმართულებით. მსგავსი ანექსია წარმოადგენს საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა და მიუღებელ დარღვევას. იგი მოსკოვის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილია, დაამყაროს კონტროლი მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიებზე, მათ შორის უკრაინაში — დონბასსა და ყირიმზე, მოლდოვაში — დნესტრისპირეთზე და საქართველოში — აფხაზეთზე.

კავკასიასა და მთელს ევროპაში მდგრადი სტაბილურობის და უსაფრთხოების მიღწევა მხოლოდ თითოეული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით არის შესაძლებელი", — აღნიშნულია განცხადებაში.