რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისთვის თბილისის მერიამ "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ — რიგით მეხუთედ დააჯარიმა. სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე 15 სექტემბრით დათარიღებულ წერილში წერია, რომ კომპანიას 1 583-ლარიანი სანქცია 24-საათიანი გრაფიკის შეუსრულებლობის გამო კვლავ დაეკისრა.

10 ივლისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის საერთო ღირებულებაც 7 916 674.67 ლარს შეადგენს, მიმწოდებელ კომპანიას 27 ივლისის წერილით მკაცრად დაევალა, რომ სამუშაოები 28 ივლისიდან 24-საათიან რეჟიმში წარმართულიყო.

15 სექტემბრით დათარიღებული ოფიციალური დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 13 სექტემბერს, საღამოს 19:51 საათზე განხორციელებული ინსპექტირებისას დაფიქსირდა დარღვევა — დანიშნულ ობიექტზე სამუშაოები შეთანხმებული უწყვეტი გრაფიკით არ მიმდინარეობდა.

ვინაიდან კომპანიამ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულების პირობების შესრულება, შემსყიდველმა მხარემ სანქციის გამოყენების ზომას მიმართა. ხელშეკრულების მე-9 მუხლის შესაბამისად, კონტრაქტორს ჯარიმის სახით დაეკისრა თანხა, რომელიც მთლიანი ხელშეკრულების ღირებულების 0,02%-ს — ზუსტად 1 583.34 ლარს შეადგენს.

"ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის 2026 წლის 14 სექტემბრის N14-01262574060 წერილიდან ირკვევა, რომ თქვენ მიერ დარღვეულ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან 2026 წლის 10 ივლისს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N01.01.01/30/190 ხელშეკრულების (ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, შ. რუსთაველის გამზირის (ბესიკის ქუჩიდან-თავისუფლების მოედნამდე) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები) პირობები.

კერძოდ, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის 2026 წლის 27 ივლისის N14-01262081344 წერილით დაგევალათ ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, შ. რუსთაველის გამზირის (ბესიკის ქუჩიდან-თავისუფლების მოედნამდე) სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება 2026 წლის 28 ივლისიდან, 24 საათიან რეჟიმში (ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.5 პუნქტის შესაბამისად), თუმცა, 2026 წლის 13 სექტემბრის ინსპექტირების აქტიდან (ინსპექტირების განხორციელების დრო - 19:51 საათი) ირკვევა, რომ ზემოაღნიშნულ ობიექტზე, სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N01.01.01/30/190 ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.8 პუნქტის შესაბამისად, ვინაიდან, შემსყიდველის მიერ სამუშაოების ზედამხედველობის დროს განხორციელებული ინპექტირებისას დადგინდა, რომ მიმწოდებელი აღნიშნულ მომენტში არ ახორციელებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს, დაგეკისრათ ჯარიმა, ხელშეკრულების ღირებულების (7 916 674.67 ლარი) 0,02%-ის ოდენობით, 1 583.34 ლარი", — აღნიშნულია ჯარიმის წერილში.