პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გიორგი გახარიას პარტიას საქართველოსთვის თავდაპირველად "დრო მისცეს“, რათა პარლამენტში კონსტიტუციური წყობილება ეღიარებინათ, მაგრამ "გავიდა მთელი სესია და არ აღიარეს“. კობახიძის განმარტებით, სწორედ ამიტომ შეიტანეს პარტიის წინააღმდეგ სარჩელი.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა, რომელიც პარლამენტში შევიდა, ის მაინც არ განსხვავდება იმ პარტიებისგან, რომლებიც ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ ცნობენ.

"თქვენ იცით, რა იყო სარჩელის განახლების საფუძველი. მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე კონსტიტუციურ წყობილებას და ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ. ასეთ პირობებში არაფრით არ განსხვავდება ამ პოლიტიკური პარტიის საქმიანობის სულისკვეთება იმ საქმიანობის სულისკვეთებისგან, რომელსაც სხვა შესაბამისი პოლიტიკური პარტიები აწარმოებენ. აქედან გამომდინარე, ჩვენი აზრით, უალტერნატივო იყო ამ სარჩელში ამ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის დამატება.

მაშინ ახალი შესულები იყვნენ პარლამენტში და ჩვენ მივეცით დრო ამ პარტიას იმისათვის, რომ ეღიარებინათ კონსტიტუციური წყობილება. თუმცა გავიდა მთელი სესია, მათ არ აღიარეს და დაუპირისპირდნენ კონსტიტუციურ წყობილებას. თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ მათი მრავალი განცხადება, რომელიც ზუსტად ამ შინაარსისაა. დანარჩენი წარდგენილია სარჩელში და პროცესებიც იქნება საჯარო," — განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, გაიზრდება თუ არა ასაკრძალი პარტიების სია, კობახიძემ უპასუხა, რომ წინასწარ ვერაფერს იტყვის, თუმცა დასძინა — "ეს არის ამომწურავი სია, რომლის გარშემოც სასამართლომ უნდა იმსჯელოს".


როგორც დაგეგმილია, ქართული ოცნება მიმდინარე კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის, გახარია საქართველოსთვის აკრძალვასთან დაკავშირებითაც მიმართავს.

უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, არ ითხოვენ, რომ გახარიას პარტიას დეპუტატებისთვის მანდატები შეუწყდეთ პარლამენტსა და საკრებულოებში.

გახარია საქართველოსთვის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტში შევიდა, ხოლო 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და საკრებულოებში 26 მანდატი მოიპოვა. აქამდე ქართული ოცნება სწორედ პარტიის არჩევნებში მონაწილეობას და მის მიერ საპარლამენტო და ადგილობრივ ორგანოებში მანდატების მიღებას ასახელებდა არგუმენტად, თუ რატომ არ მოითხოვდა გახარია საქართველოსთვის აკრძალვას თავდაპირველ საკონსტიტუციო სარჩელში. ახლა კი, მმართველი პარტია უკვე ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის აკრძალვასაც ითხოვს.