სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს ქრთამის აღების საქმეზე 13 წლით პატიმრობა მიესაჯა — გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო.

გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას 6 წელი — 2019 წლიდან 2025 წლამდე იკავებდა.

გასული წლის 17 ოქტომბერს, გენერალური პროკურორის ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ გრიგოლ ლილუაშვილის სახლი გაჩხრიკეს. 23 დეკემბერს კი, სუს-ის ყოფილი უფროსი სუს-ში დაკითხვაზე დაიბარეს და იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალი სსსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლილუაშვილს, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების 4 ეპიზოდზე ედება ბრალი. ორ მათგანში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძეც ფიგურირებს.

I ეპიზოდი: 2022 წლის ოქტომბრის თვეში, მან თურქი ინვესტორი ჩაღათაი ულქერისგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით $1 მლნ აიღო, რათა ლობირება გაეწია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაში.

II ეპიზოდი: 2022 წლის თებერვალში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, გრიგოლ ლილუაშვილმა კომპანია "ექსპრესსერვისი 2008-ის" დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა ₾1,5 მლნ.

III ეპიზოდი: 2021-2023 წლებში გრიგოლ ლილუაშვილი მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის დახმარებით თაღლითურ ქოლ-ცენტრებს მფარველობდა — აღნიშნული საქმიანობით ყოფილმა მაღალჩინოსანმა ქრთამის სახით $1,3 მლნ მიიღო.

IV ეპიზოდი: გრიგოლ ლილუაშვილი ე.წ საბავშვო ბაღების საქმეში მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელსაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. უწყების ინფორმაციით, გვანცელაძე საბავშვო ბაღების აშენებაზე გამოცხადებული ტენდერებიდან ლილუაშვილის დახმარებით დიდი ოდენობის ქრთამს იღებდა.

რომეო მიქაუტაძის ჩვენება

14 აგვისტოს გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე მოწმის სახით ეკონომიკის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე დაიკითხა. საქმის პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, მიქაუტაძემ სასამართლოს წინაშე მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა, რომ კონკრეტულ ორ შემთხვევაზე გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი სწორედ მისი მეშვეობით აიღო. მიქაუტაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მას პირადად ჰქონდა კავშირი ლილუაშვილთან და მისგან დავალებაც მიიღო, რომ მეწარმისგან თანხა მოეთხოვა.

საქმის პროკურორმა განმარტა, რომ მიქაუტაძის აღნიშნული ჩვენება ემთხვევა მოწმის სახით დაკითხული სხვა ბიზნესმენის ჩვენებას, რომლის თქმითაც მას მიქაუტაძემ თანხა "სახელმწიფო ინტერესის" ფარგლებში გამოართვა.

გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის, ლანა ცერცვაძის შეფასებით, მიქაუტაძემ აღნიშნული ჩვენება "საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ მისცა".

ასევე იხილეთ: