სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რეგიონული სატრანსპორტო პროექტის — "საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტის" (TRIPP) შესახებ შეთანხმება ქვეყნის კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო, — ამის შესახებ სომხურ სააგენტო News.am-ს საკონსტიტუციო სასამართლოს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში განუცხადეს.

აღნიშნული გადაწყვეტილების სრული ტექსტი სამ დღეში გამოქვეყნდება, რის შემდეგაც იგი რატიფიკაციისთვის სომხეთის პარლამენტს გადაეგზავნება.

მანამდე News.am-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ, წერილობითი პროცედურით დაიწყო TRIPP პროექტის შეთანხმების განხილვა. სასამართლოს უნდა ეპასუხა კითხვისთვის — შეესაბამება თუ არა ამ დოკუმენტით აღებული სომხეთის ვალდებულებები ქვეყნის კონსტიტუციას. საქმის მომხსენებელი მოსამართლე ედგარ შატირიანი იყო.

TRIPP-ის ჩარჩო-შეთანხმებას სომხეთმა და აშშ-მა ხელი 26 მაისს მოაწერეს. ივლისში სომხეთის მთავრობამ შეთანხმების რატიფიკაციის პროექტი დაამტკიცა.

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ადრე განაცხადა, რომ სომხეთის მთავრობას TRIPP-ის განხორციელება რაც შეიძლება სწრაფად სურს და იმედი გამოთქვა, რომ ადგილზე სამუშაოები ამ შემოდგომაზევე დაიწყებოდა. თუმცა, აშშ-ში სომხეთის ელჩმა და მოგვიანებით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიანიშნეს, რომ მშენებლობა, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში დაიწყება.