თავისუფალი ხალხის პარტიის (ყოფილი გირჩის) ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა მისი ინიციატივით შედგა. როგორც ირკვევა, ივანიშვილს იაგო ხვიჩია და ალექსანდრე რაქვიაშვილი ორჯერ შეხვდნენ — ერთხელ პირისპირ, მეორედ დისტანციურად — და შეხვედრებზე ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკასა და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობაზე ისაუბრეს. ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში ისაუბრა.

ხვიჩია ამბობს, რომ ივანიშვილთან შეხვედრით ამაყობს და მას "ძალიან გონიერ და ადეკვატურ ადამიანად" აფასებს.

როდის, სად შედგა შეხვედრა და ვინ ესწრებოდა?

როგორც იაგო ხვიჩია იხსენებს, შეხვედრა 2025 წლის ბოლოს, ნოემბერ-დეკემბერში, ბიძინა ივანიშვილის სახლში შედგა. მას ხუთი ადამიანი ესწრებოდა: იაგო ხვიჩია, ალექსანდრე რაქვიაშვილი, მაშინდელი პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და სუს-ის იმჟამინდელი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე. ხვიჩიას განცხადებით, შეხვედრა ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა და "ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ გარემოში ჩაიარა".

"მას შემდეგ, რაც ჩვენ პარლამენტში შევედით, ჩვენი რაღაცნაირი დაჟინებული ინიციატივა იყო, რომ გაგვეცნო ბიძინა ივანიშვილი. მოგეხსენებათ, ჩვენ ქართულ ოცნებასთან პარლამენტში სხვადასხვა ტიპის კომუნიკაცია გქონდა, მაგრამ გარდა ამ კომუნიკაციისა კვირაში ერთხელ თუ თვეში ერთხელ, მე მაინც მივდიოდი ძირითადად მამუკა მდინარაძესთან, ხანდახან ბატონ ირაკლი კობახიძესთან და ვეუბნებოდი, რომ გამაცანით ის კაცი. მეც მესმის, თქვენც გესმით, რომ ის კაცი არის უფროსი, მე ვარ ხალხის პარტია იცით და ძალიან მინდა იმ კაცის გაცნობა, რომელიც ქვეყნის რეალური მმართველია.

ხან ხუმრობით იქნებოდა გადატანილი ეს თემა, ხან რაღაცა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, მას შემდეგ, რაც არჩევნები დამთავრებული იყო, ანუ ქვეყანაში შედარებით სტაბილური სიტუაცია იყო, ეს არის 2024 წლის არჩევნების შემდგომი პერიოდი, თუმცაღა 2025 წელია ჯერ კიდევ, ნოემბერ-დეკემბერია დაახლოებით. [...] მოვიდა მამუკა მდინარაძე და მითხრა, რომ შეხვედრა გამოვა. ნუ, ეს ძალიან გამიხარდა, არა მარტო გამიხარდა, ოფისში ყველას გაგვიხარდა პოლიტიკოსებს და რაღაცნაირად სანდრომ ითხოვა, რომ იქნება გამოვიდეს, რომ მეც გავეცნო ეს კაცი. შესაბამისად, ასე დავგეგმეთ, რომ ეს შეხვედრა არ იქნებოდა მხოლოდ ჩემი და ბატონი ბიძინა ივანიშვილის, შესაბამისად, მე და სანდრო რაქვიაშვილი შევხვდით.

შეხვედრას ესწრებოდა ჩვენთან ერთად პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სუს-ის იმჟამინდელი ხელმძღვანელი, მამუკა მდინარაძე. შეხვედრა შედგა ბიძინა ივანიშვილის სახლში, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული შეხვედრა იყო. შეხვედრა გრძელდებოდა დაახლოებით ერთ საათზე მეტხანს. ჩაიარა ძალიან მშვიდ, პატივისცემით, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ გარემოში“, — აცხადებს იაგო ხვიჩია.

რაზე ისაუბრეს?

ხვიჩიას თქმით, შეხვედრაზე ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარება, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობა, საერთაშორისო ურთიერთობები და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს. მისივე თქმით, პირველ შეხვედრას ძირითადად გაცნობითი ხასიათი ჰქონდა და კონკრეტულ საკითხებზე თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება არ შემდგარა.

"ამ საუბარმა მაინც, ვინაიდან პირველად იყო, უფრო გაცნობითი ხასიათი შეიძინა. ჩვენ ამ ერთი შეხვედრის შემდეგ ვერ დავინახეთ რამე კონკრეტული საკითხები, რომ აი ახლა ჩვენ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ ამ თემასთან დაკავშირებით... შეიძლება იმიტომ, რომ ერთი საუბარი ამისთვის არ იყო საკმარისი. ამიტომაც გვინდა, რომ პარლამენტში ვიყოთ და ძალიან გვინდა, რომ იყოს ბატონი ბიძინა ივანიშვილიც პარლამენტში. სკანდალი რომ გამოიწვია ახლა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრამ, მინდა, რომ ყოველკვირეულად ხდებოდეს ეს შეხვედრები იმ ფორმატში, რაც ნაკლებად სკანდალური იქნება და ყურადღებას ძირითადი თემიდან არ გადაიტანს სხვა თემებზე", — ამბობს ხვიჩია და ამატებს, რომ მათი პარტიის ინტერესს სხვა პოლიტიკური ლიდერების შეხვედრაც წარმოადგენდა.

"ჩვენ მარტო ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის ინტერესი კი არ გვქონია, ჩვენ შევხვდით მიხეილ სააკაშვილს იმ ვადაში, როცა ჩვენ პარლამენტში ვიყავით. დაახლოებით რამდენჯერმე ვარ, მაგალითად, გახარიასთან სახლში ნამყოფი შეხვედრაზე, ლელოსთან ბევრჯერ ვარ ნამყოფი შეხვედრაზე. არცერთი ამ შეხვედრის შესახებ საზოგადოებისთვის არ ყოფილა საჯაროდ ცნობილი, იმიტომ, რომ ეს შეხვედრები არ მთავრდებოდა რამე კონკრეტული შედეგით, რომლითაც ჩვენ აუცილებლად ჩავთვლიდით, რომ ჩვენ ამ ყველაფერზე საზოგადოებასთან უნდა გველაპარაკა, იმიტომ, რომ ჩვენ კიდევ გვინდა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან".

როგორ გასაჯაროვდა "საიდუმლო შეხვედრა"?

შეგახსენებთ, რომ სამი დღის წინ "ტვ პირველის" ეთერში ალექსანდრე რაქვიაშვილმა თქვა, რომ ივანიშვილი "ნანახი ჰყავს", თუმცა ჟურნალისტის ჩაკითხვის მიუხედავად, მეტი დეტალი არ გაამხილა. იაგო ხვიჩია ამასაც ამბობს, რომ პარტიის სათათბიროს წევრთა დიდმა ნაწილმაც არ იცოდა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ და ამის გამო "გაბუტულები არიან".

მისი თქმით, შეხვედრის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება თავად არ სურდათ, რადგან მათ შორის შეთანხმება იყო, რომ შეხვედრის შინაარსზე საჯაროდ არ ისაუბრებდნენ.

"ჟურნალისტმა ჰკითხა სანდრო რაქვიაშვილს და სხვათა შორისო, იმ დროს თქვა, შევხვედრივართო. ჩვენ არ ვატყუებთ ჩვენს ამომრჩეველს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიყავით შეთანხმებული, რომ ჩვენი მხრიდან არ იქნებოდა გასაჯაროებული ამ შეხვედრის შინაარსი. აი, დედაჩემმაც კი ტელევიზიიდან გაიგო ეს შეხვედრა, ჩემი ოჯახის წევრებიდან ჩემმა ძმამ და მამაჩემმა იცოდა მარტო. და ჩვენი სათათბიროს წევრთა დიდი ნაწილიც ცოტათი რაღაცნაირად გაბუტულია მის გამო, რომ მათაც რაღაცნაირად არ იცოდნენ, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენგან არ უნდა გასულიყო ამ შეხვედრის შესახებ", — ამბობს ხვიჩია.

იაგო ხვიჩია ამაყობს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრით

იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ამაყობს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრით. მისი თქმით, ამაყობს იმითაც, რომ მის პარტიას შეუძლია შეხვდეს როგორც მიხეილ სააკაშვილს, ისე ბიძინა ივანიშვილს და ფიქრობს, რომ ეს ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთი გზაა.

"ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამით. მე ვამბობ ხოლმე, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო-მეთქი. ასევე ჩემი ცხოვრების მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო მიხეილ სააკაშვილს რომ შევხვდი ციხეში. მე ძალიან ვამაყობ იმითი, რომ ეს შეგვიძლია ჩვენს პარტიას, რომ შევხვდეთ როგორც მიხეილ სააკაშვილს, ისე ბიძინა ივანიშვილს და მე ვფიქრობ, რომ ეს არის გასაღებიც და გამოსავალიც ამ ქვეყანაში, რომ ამ ხალხმა ერთმანეთთან ლაპარაკი შეძლოს, ჩვენმა პოლიტიკურმა სპექტრმა ერთმანეთთან ლაპარაკი შეძლოს და მე მინდა, რომ კიდევ საჯაროდ ვთქვა, რომ მე ისევ მზად ვარ შევხვდე ქართული პოლიტიკის მოთამაშეებს — ყველას, ნებისმიერ გარემოში, ნებისმიერი პირობით, გარდა იმისა, რომ ღია ტყუილის თქმა არ მომიწიოს", — ამბობს ხვიჩია და მადლობას უხდის მამუკა მდინარაძეს და ირაკლი კობახიძეს, რომ ეს შეხვედრა შედგა.

"მე კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას, წავიდა ბატონი მამუკა პოლიტიკიდან და ისვენებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას იმისთვის, რომ ჩემი თხოვნა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში პრევალირებდა ჩვენ შორის, მისი და ბატონი ირაკლი კობახიძის აქტიური მხარდაჭერით შედგა", — ამბობს ხვიჩია.

მეორე შეხვედრა ივანიშვილთან

როგორც გაირკვა, 2025 წლის ბოლოს ივანიშვილთან შეხვედრა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარესთან გირჩის ლიდერების ერთადერთი შეხვედრა არ ყოფილა. იაგო ხვიჩია ყვება, რომ მეორე შეხვედრა ონლაინფორმატში შედგა.

"ჩვენ კიდევ შევხვდით ერთხელ, ოღონდ არა პირდაპირ, არამედ დისტანციური ჩართვით ამ შემთხვევაში, ტექნიკის გამოყენებით. ამიტომ ორჯერ მოგვიწია სულ ერთმანეთთან საუბარი. ამასაც მე შეხვედრად ვთვლი, მაგრამ პირისპირ საუბარი ეს იყო ერთხელ. [მეორე შეხვედრაზე] ლაპარაკის თემა მაინც ის იყო, რომ ერთ შეხვედრაში რაღაცების განხილვა უბრალოდ ვერ მოესწრო და საჭირო გახდა უბრალოდ მეორე შეხვედრის გაგრძელება ამასთან დაკავშირებით. არც მეორე შეხვედრა არ არის საკმარისი. ზოგადად ისეთ თემებზეა საუბარი საერთოდ ამ ქვეყანაში და იმ პრობლემიდან გამოსავალი, რაც ჩვენ მიგვაჩნია სწორად, ეს არ არის ერთი და ორი შეხვედრის თემა. ამიტომ გითხარით, ამიტომაა საჭირო პარლამენტი, ამიტომაა საჭირო ჩვენც ვიყოთ პარლამენტში", — ამბობს ხვიჩია.

"ბიძინა ივანიშვილი ძალიან გონიერი და ადეკვატური ადამიანია"

შეხვედრის დეტალებზე საუბრის გარდა, იაგო ხვიჩიამ ბიძინა ივანიშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის "გონიერი ადამიანია".

"ბიძინა ივანიშვილი არის ძალიან გონიერი და ადეკვატური ადამიანი. და ხმები იმის შესახებ, რომ ბევრი დასაცინი ისინი იყო, მათ შორის ოპოზიციის მიერ პრევალირებული, მის გონებრივ შესაძლებლობებთან დაკავშირებით, არის ტყუილი, ჩემი აზრით. ჩვენ მას უნდა შევხედოთ, როგორც გონიერ ადამიანს. ეს კიდევ უფრო მეტად შეიძლება ართულებდეს ჩვენს ამოცანას, მაგრამ შეცდომა იქნება და შეცდომა იყო ამ ხნის განმავლობაში მთელი ის ნარატივი, რომლითაც ოპოზიცია თავის ამომრჩეველს კვებავდა. კვებავდა, რომ თითქოს გენიოსები იყვნენ და მეორე მხარეს არც ისე ჭკვიანი ხალხი იდგა მოწინააღმდეგე. ეს ნამდვილად მცდარია, ეს შემიძლია გითხრათ", — ამბობს ხვიჩია.