საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ერთ-ერთი მონაკვეთის - ბათუმი- სარფის 11.3 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობის ხელშეკრულება ჩინურ კომპანიასთან გაფორმდა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ სალომე წურწუმიამ და China Railway Tunnel Group Co., Ltd-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ლიანგ ჰონგჯუნმა.

ბათუმი–სარფის ახალი გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალური დერეფნის დასავლეთის ბოლო მონაკვეთია. იგი ბათუმის შემოვლით მაგისტრალს საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფო საზღვართან დააკავშირებს და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი შუა დერეფნის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ნაწილი იქნება.

პროექტის ფარგლებში აშენდება 11.3 კმ სიგრძის 2-ზოლიანი მაგისტრალური გზა, 7.6 კმ-იანი გვირაბი და 3 ხიდი, მათ შორის 1.47 კმ სიგრძის სახიდე გადასასვლელი. ასევე მოეწყობა ზღვის ნაპირის დამცავი 500-მეტრიანი ნაგებობა. ბათუმი–სარფის 7.6 კმ-იანი გვირაბი, ქვეშეთი–კობის მთავარი გვირაბის შემდეგ, საქართველოში სიგრძით მეორე საავტომობილო გვირაბი იქნება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ახალი გზის დასრულების შემდეგ საერთაშორისო და სატრანზიტო მოძრაობა აჭარის მჭიდროდ დასახლებული და საკურორტო ზღვისპირა ზოლიდან ახალ მაგისტრალზე გადაერთვება. შედეგად, მნიშვნელოვნად განიტვირთება არსებული გზა და საკურორტო ზონა, გაიზრდება მოძრაობის უსაფრთხოება და გაუმჯობესდება გადაადგილების პირობები.

პროექტის ღირებულება 809 მილიონ ლარზე მეტია, სამშენებლო სამუშაოების ვადა კი 48 თვე. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) სესხისა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.

ხელმოწერის ცერემონია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაიმართა. ხელშეკრულების გაფორმებამდე საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია China Railway Tunnel Group Co., Ltd-ის (CRTG) წარმომადგენლებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე შეხვდნენ. შეხვედრაზე პროექტის განხორციელების ძირითადი ეტაპები, სამშენებლო სამუშაოების ორგანიზებისა და პროექტის განსაზღვრულ ვადებსა და შესაბამისი ხარისხით შესრულების საკითხები განიხილეს.

ცნობისთვის, აღმოსავლეთ-დასავლეთის E60–E70 ჩქაროსნული მაგისტრალის 428.35 კმ-დან დღეისათვის უკვე გახსნილია 324.75 კმ. ბათუმი-სარფის მშენებლობის დაწყება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია მაგისტრალის სრულად ჩამოყალიბებისა და შუა დერეფანში საქართველოს სატრანსპორტო და სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერების მიმართულებით.