აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა 27 ირანულ ავიაკომპანიებს ფართო სანქციები დაუწესა, მათ შორის 5 საქართველოშიც დაფრინავს.

ირანისთვის დაწესებული სანქციების შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) სანქციები დაუწესა 36 სამიზნეს, რომლებიც ირანის საავიაციო სექტორს უჭერენ მხარს. აშშ-ის განცხადებით, ირანის რეჟიმი ამ სექტორს იარაღის, პერსონალისა და უკანონო ტვირთების გადასაზიდად იყენებს.

სანქციები შეეხო 27 ავიაკომპანიას:

OFAC-მა სანქციები დაუწესა 27 ირანულ ავიაკომპანიას, მათ შორისაა: Air Shiraz, Asa Jet Airline, Ata Airlines, Atlas Aviation Group, Ava Airlines, Chabahar Airlines, Fly Kish Airlines, Fly Persia Airlines, Iran Air Tour, Iran Aseman Airlines, Kish Airlines, Qeshm Air, Saha Airlines, Sepehran Airlines, Taban Airlines, Toos Airlines, Varesh Airlines და Zagros Airlines.

აქედან რამდენიმე კომპანია, საქართველოშიც ასრულებენ რეისებს. ესენია: Qeshm Air, Sepehran Airlines, Iran Aseman Airlines, Varesh Airlines და Fly Kish Airlines.

"რადიო თავისუფლებას" ცნობით, აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანია Sepehran Airlines-მა 9 სექტემბერს თეირანიდან თბილისში რეისი შეასრულა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მონაცემებით, თვითმფრინავი 11:51 საათზე ჩამოფრინდა.

თბილისის აეროპორტის ვებსაიტის მონაცემებით, 9 სექტემბერს თეირანიდან სანქცირებული ავიაკომპანიების კიდევ ორი რეისია დაგეგმილი:

18:45 საათზე, Varesh Airlines-ის რეისი;

19:15 საათზე, Qeshm Air-ის რეისი.

ბათუმის აეროპორტში 9 სექტემბერს, 14:25 საათზე შესრულდა სანქცირებული ავიაკომპანია Qeshm Air-ის რეისი; ხოლო 19:20 საათზე დაგეგმილია Varesh Airlines-ის რეისი (აეროპორტის საიტზე მითითებულია, რომ ის ექვსსაათიანი დაგვიანებით შესრულდება).

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ აშშ აფრთხილებს უცხოურ კომპანიებსა და პირებსაც, რომლებსაც სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების დახმარებაში ექნებათ მონაწილეობა — მათ შორის თვითმფრინავების გადაცემით, სატვირთო მომსახურებით ან გაყიდვების აგენტად მუშაობით — მათაც სერიოზული სანქციური რისკები დაემუქრებათ.

დღევანდელი გადაწყვეტილება ასევე შეეხო ფარულ კომპანიებს, უცხოელ შუამავლებსა და სატრანზიტო გადაზიდვების სქემებს, რომლებსაც ირანი აშშ-ში წარმოებული თვითმფრინავებისა და მგრძნობიარე ტექნოლოგიების მოსაპოვებლად იყენებს.

აშშ-ის სახაზინო მდივნის, სკოტ ბესენტის განცხადებით, აშშ ირანის რეჟიმის ფინანსურად მხარდამჭერი პირებისა და კომპანიების წინააღმდეგ მკაცრ ზომებს გაატარებს".

მისი თქმით, დღეს ეს დაპირება შესრულდა იმ კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესებით, რომლებიც კვლავ უჭერენ მხარს Mahan Air-ს. ბესენტმა გააფრთხილა ყველა, ვინც ირანის დარჩენილ ავიაკომპანიებთან თანამშრომლობს, რომ მათ შესაძლოა გლობალურ ფინანსურ სისტემაზე წვდომა შეეზღუდოთ.

აშშ-ის განცხადებით, ირანის კომერციული ავიაკომპანიები დიდი ხანია მხარს უჭერენ ირანის რეჟიმის დესტაბილიზაციისკენ მიმართულ საქმიანობას. კერძოდ, ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი (IRGC) Mahan Air-ს იარაღისა და სხვა მასალების შესაძენად და პერსონალის გადასაყვანად იყენებს.

დასანქცირდნენ ტვირთების გადამზიდავებიც:

სანქციები ასევე შეეხო კომპანიებს, რომლებიც Mahan Air-ის საერთაშორისო ფრენებს ემსახურებოდნენ. აშშ-ის განცხადებით, თურქეთში დაფუძნებული S Sistem ირანისთვის განკუთვნილ გადაზიდვებს, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების კომპონენტებისა და სამრეწველო აღჭურვილობის გადაზიდვას, კოორდინირებდა.

სანქციები შეეხო ასევე Mes Cargo-ს, მალაიზიურ Icargo-ს და ყაზახურ Tour Invest-ს, რომლებიც Mahan Air-ის გაყიდვების გენერალურ აგენტებად ან გადაზიდვების ორგანიზატორებად მოქმედებდნენ.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი

აშშ-ის განცხადებით, ირანი ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და აზიაში დაფუძნებულ ფიქციურ კომპანიებს იყენებს, რათა დამალოს თვითმფრინავებისა და ნაწილების საბოლოო ირანელი მიმღები.

ახალი სანქციების შედეგად, სანქცირებული პირებისა და კომპანიების აშშ-ში არსებული ან აშშ-ის პირების კონტროლქვეშ მყოფი ქონება იბლოკება. ასევე იზღუდება მათთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაციები.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აშშ ირანის საავიაციო სექტორზე ზეწოლას მნიშვნელოვნად აძლიერებს — სანქციებს უწესებს 27 ირანულ ავიაკომპანიას და კიდევ 9 კომპანიასა და პირს, რომლებიც, ვაშინგტონის შეფასებით, ირანის ავიაციისთვის თვითმფრინავების, ნაწილების, ტექნოლოგიებისა და ლოჯისტიკური მომსახურების მიწოდებაში მონაწილეობენ. სანქციების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე Mahan Air-ია.