მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძემ ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა. კობახიძის განმარტებით, შარშანდელ წელთან შედარებით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გაუმჯობესება "ხელისუფლების მიერ კორუფციის აღმოფხვრის" დამსახურებაა.

"ივლისში ეკონომიკა გაიზარდა 8%-ით, შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველი 7 თვის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.9%. გვაქვს დადებითი დინამიკა ყველა ამ მიმართულებით. განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რეფორმები სხვადასხვა სფეროში, რაც არის დაკავშირებული ეკონომიკურ განვითარებასთან. ეს ეხება ლოჯისტიკას, ტრანსპორტს, კომუნიკაციას, ენერგეტიკას, ტურიზმს, ბევრ სხვა სფეროს. რა თქმა უნდა, ამ ეკონომიკური მაჩვენებლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის სწორედ ეს წინსვლა ეკონომიკის სხვადასხვა დარგში სხვადასხვა მიმართულებით.

გარდა ამისა, კორუფციასთან ბრძოლა იძლევა შედეგებს და ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ მოვახერხეთ შარშანდელ წელთან შედარებით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გაუმჯობესება, არის სწორედ ეს, რომ მოვახერხეთ ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრა და ვაგრძელებთ ბრძოლას კორუფციასთან ყველა დონეზე," — განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, 7 სექტემბერს ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საუბრისას, კობახიძემ განაცხადა, რომ პრემიერად მოსვლის შემდეგ, გუნდთან ერთად წელიწადი და 5 თვე დასჭირდა იმისთვის, რომ მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოეფხვრა.

კობახიძის მტკიცებით, როდესაც მან პრემიერმინისტრობის პოზიცია დაიკავა, პარტიის საპატიო დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა კორუფციასთან დაკავშირებით "მკაფიო მინიშნება გააკეთა".