PISA 2025-ის მიხედვით, საქართველოს 15 წლის მოსწავლეების შედეგები 2022 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ოთხივე კატეგორიაში — მეცნიერებაში შედეგი 38, მათემატიკაში კი 26 ქულით გაიზარდა, რაც ორივე მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდაა მონაწილე ქვეყნებს შორის. თუმცა საქართველო კვლავ ჩამორჩება OECD-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) საშუალო მაჩვენებლებს სამივე ძირითად სფეროში, განსაკუთრებით კითხვაში. წაკითხულის გააზრებაში საქართველოს 384 ქულა აქვს, OECD-ის საშუალო — 461-ია.

ასე გამოიყურება ოთხივე კატეგორიის შედეგები:

მეცნიერება — 422 — OECD-ის საშუალო — 482;
მათემატიკა — 416 — OECD-ის საშუალო — 463;
წაკითხულის გააზრების უნარი — 384 — OECD-ის საშუალო — 461;
კომპიუტერული პრობლემების გადაჭრა — 413 — OECD-ის საშუალო — 500.

კვლევის მიხედვით, 2022-დან 2025 წლამდე საქართველოს შედეგები სამივე ძირითად მიმართულებაში გაიზარდა:

მეცნიერება: +38 ქულა — ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზრდა მონაწილე ქვეყნებს შორის, მე-2 ადგილი 27 ქვეყანას შორის, რომლებსაც შესადარებელი მონაცემები ჰქონდათ.

მათემატიკა: +26 ქულა — ასევე მე-2 ყველაზე დიდი ზრდა 46 ქვეყანას შორის.

კითხვა: +10 ქულა — მე-8 ყველაზე დიდი ზრდა 50 ქვეყანას შორის.

PISA 2025-ის მიხედვით, საქართველოში მოსწავლეების 45% დაბალი შედეგის მქონეა მეცნიერებაში, მაშინ როცა OECD-ში ასეთი მოსწავლეების წილი 25.7%-ია.

მაღალი მიღწევის დონეს — მე-5 ან მე-6 დონეს — საქართველოში მხოლოდ 0.8% აღწევს, OECD-ში კი 7.2%.

გენდერულ ჭრილში გოგონებმა ბიჭებზე საშუალოდ 42 ქულით უკეთესი შედეგი აჩვენეს. ეს PISA-ს მონაწილე ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სხვაობაა გოგონების სასარგებლოდ.

საქართველოში მოსწავლეების 69.3% ამბობს, რომ სკოლაში ასწავლიან AI-ის მიერ გენერირებული ინფორმაციის შეფასებას, OECD-ის საშუალო 62.6%-ია. ანუ ამ მიმართულებით საქართველო OECD-ის საშუალოზე წინ არის.

გარემოსდაცვით მეცნიერებაში საქართველოს საშუალო ქულა დაბალია — 420, OECD-ის 480-თან შედარებით. საქართველოში მოსწავლეების 54%-მა გარემოსდაცვით მეცნიერებაში საბაზისო — მე-2 — დონეს მიაღწია, OECD-ის ქვეყნებში კი საშუალოდ 74%-მა.

AI-ის გამოყენება სწავლის პროცესში

კვლევის მიხედვით, 79% — OECD-ის საშუალოდ ამდენი 15 წლის მოსწავლე იყენებს AI ჩატბოტებს სწავლის დასახმარებლად. საქართველოში AI-ის გამოყენების ინდექსი 0.02-ია, OECD-ის საშუალო — 0.00.

საქართველოში გამოკითხულ მოსწავლეთა 13.6% ამბობს, რომ AI-ს საერთოდ არ იყენებს სასკოლო დავალებებისთვის — OECD-ში ეს მაჩვენებელი 13.7%-ია.

20.8% საქართველოში ამბობს, რომ AI-ს არ იყენებს სწავლის დასახმარებლად — OECD-ის საშუალო 20.7%-ია.

ამას გარდა, საქართველოს მოსწავლეების 69.3% ამბობს, რომ სკოლაში ასწავლიან AI-ის მიერ გენერირებული ინფორმაციის შეფასებას. OECD-ის საშუალო კი 62.6%-ია

PISA — OECD-ის საერთაშორისო კვლევაა, რომელიც 15 წლის მოსწავლეების ცოდნასა და უნარებს მათემატიკაში, კითხვასა და მეცნიერებაში აფასებს. PISA 2025-ის კვლევაში 91 ქვეყანა და ეკონომიკა მონაწილეობდა და 760 ათასზე მეტმა მოსწავლემ გაიარა შეფასება. ამ ციკლში მთავარი მიმართულება მეცნიერება იყო, ასევე შეფასდა კითხვა, მათემატიკა და ციფრულ სამყაროში სწავლის უნარები.