მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად ნორვეგიის მეფის, ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება — ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად ნორვეგიის სამეფოს ეწვევა და მისი უდიდებულესობის, მეფე ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.

საქართველოს პრეზიდენტი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და სამეფო ოჯახების წარმომადგენლებთან ერთად, პატივს მიაგებს ნორვეგიის გარდაცვლილი მონარქის ხსოვნას.

მეფე ჰარალდ V ნორვეგიის სამეფოს 35 წლის განმავლობაში, 1991 წლიდან ხელმძღვანელობდა. მისი მმართველობის პერიოდი თანამედროვე ნორვეგიის ისტორიაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და საზოგადოებრივი გარდაქმნების ეპოქას უკავშირდება," — ვკითხულობთ ადმინისტრაციის განცხადებაში.

ნორვეგიის მეფე ჰარალდ V-ის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 28 აგვისტოს გავრცელდა. BBC იუწყებოდა, რომ მონარქი ოსლოს ეროვნულ საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ის სისხლის იშვიათი დაავადების მკურნალობის კურსს გადიოდა.