დაკავებული ბიზნესმენის, თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი ლექსო სვიმონიშვილი რესტორანში მომხდარი დაპირისპირების კადრებს ასაჯაროებს, სადაც მისი თქმით ჩანს, რომ კონფლიქტის გამომწვევი ის 7 პირია, რომლებიც გამოძიებამ დაზარალებულად შეაფასა.

"შეუიარაღებელი თვალითაც კი ნათელია, რომ მარტო მყოფ თამაზ ელიზბარაშვილს გამკლავება უწევს შვიდ "დაზარალებულთან"; ასევე დასტურდება, რომ ამ შვიდი "დაზარალებულიდან'' ერთ-ერთი პირი გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიით, ვიდეო ჩანაწერით დასტურდება, რომ სწორედ ეს პირი გახლავთ კონფლიქტის ინიციატორი, რომელიც სულ მცირე 4-ჯერ მაინც უბრუნდება ინციდენტის ადგილს და ახორციელებს თამაზ ელიზბარაშვილის მიმართ აგრესიას.

მჯერა, რომ საზოგადოება ზუსტ და სამართლიან შეფასებებს თავად მოახდენს", — წერს დაკავებული ბიზნესმენის, თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი ლექსო სვიმონიშვილი და ვიდეოკადრებს აქვეყნებს.

როგორც სვიმონიშვილი "ტვ პირველთან" ამბობს, დაცვის მხარეზე ადრე ჰქონდა ბრალდების მხარეს აღნიშნული მტკიცებულებები და სვამს კითხვას — რატომ არ გაასაჯაროვა ეს კადრები პროკურატურამ? მისივე თქმით, პროკურატურის მიხედვით დაზარალებულად მიჩნეული 7 პირი რეალური დაზარალებულები არ არიან, რადგან "თვითონ ეს ადამიანები არიან კონფლიქტის გამომწვევები და აგრესიის ინიციატორები".

"დაცვის მხარეზე ადრე ჰქონდა ბრალდების მხარეს აღნიშნული მტკიცებულებები. რატომ არ გაასაჯაროვა ეს კადრები იმ კადრებთან ერთად — თითქოსდა, თამაზ ელიზბარაშვილი ბრუნდება და ვინმეს ემუქრება, ეს უკვე მას შემდეგ ვიხილეთ — თუმცა, ჩემი ვარაუდი ის არის, რომ პროკურატურას არ სურდა საზოგადოებას გაეგო, თუ რა მოხდა რეალურად, ვინ წამოიწყო რეალურად კონფლიქტი და რამდენი ადამიანი მონაწილეობდა ამ კონფლიქტში, ასევე მათი ვინაობა — ე.წ. დაზარალებულების.

"ეგრეთ წოდებულს" ვხმარობ იმიტომ, რომ რეალურად კადრებში კარგად ჩანს, რომ თვითონ ეს ადამიანები არიან კონფლიქტის გამომწვევები და აგრესიის ინიციატორები. თამაზ ელიზბარაშვილის მხრიდან არ ხდება არანაირი არც მუქარა, არც მათ მიმართ რაიმე ანგარიშსწორება. ეს არის პირველადი კონფლიქტი, ნულ საათზე, ასე ვთქვათ.

კადრებში ჩანს, თუ როგორ აკავებენ ერთ-ერთ აწ უკვე დაზარალებულს მისივე მეგობრები, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ აგრესია არ იყო თამაზ ელიზბარაშვილიდან, პირიქით — თამაზ ელიზბარაშვილის მიმართ იყო აგრესია, იყო ფიზიკური დაპირისპირების მცდელობა, იყო სიტყვიერი დაპირისპირება და ასე შემდეგ", — ამბობს ადვოკატი "ტვ პირველთან".

შეგახსენებთ, რომ 7 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ცხოველების უფლებადამცველს და ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

1-ელ სექტემბერს, დაახლოებით საღამოს 9 საათზე, ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს, მანამდე სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს მის ავტომობილში. როგორც პოლიციელები ადგილზე აცხადებდნენ იარაღს ეძებდნენ. ამას კი წინ უძღოდა რესტორანში მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება ელიზბარაშვილსა და 7 პირს შორის. პროკურატურის ცნობით, მომხდარი სიტყვიერი კონფლიქტის დროს, თამაზ ელიზბარაშვილი დაემუქრა დაზარალებულს და მასთან ერთად მყოფ პირებს.

მეტი თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე: