ცვლილებები ბევრისთვის გამოწვევაა, ეკატერინე ჭილაურიშვილისთვის კი — ყოველდღიურობა. ეკა დღეს CEO სტრატეგიულ ოფისში ეჯაილ მწვრთნელია და ის ქმნის გარემოს, რომელშიც განვითარება ყოველდღიურობის ნაწილია.

მისი კარიერული გზა სხვადასხვა როლსა და გამოცდილებას უკავშირდება და ეს გზა ადასტურებს, რომ როცა შესაძლებლობების გჯერა და გამოწვევებს თამამად ხვდები, ნებისმიერი სირთულე წარმატებულ ცვლილებად შეგიძლია გარდაქმნა.

პირველი ნაბიჯები და ეჯაილ ტრანსფორმაცია

თიბისიში ეკას კარიერა ბანკი რესპუბლიკისა და თიბისი ბანკის შერწყმის პროექტს უკავშირდება. მან სწორედ ამ პროცესში იგრძნო, თუ რამდენად იზიდავდა ტექნოლოგიებთან და ცვლილებების მართვასთან დაკავშირებული პროექტები. თავდაპირველად ეკა IT პროექტების ოფისის ადმინისტრატორი იყო, შემდეგ კი IT პროექტის მენეჯერი გახდა, თუმცა მთავარი გარდამტეხი ეტაპი წინ ელოდა.

როდესაც თიბისიმ ეჯაილ ტრანსფორმაცია დაიწყო, ეკას მიეცა შესაძლებლობა, აერჩია ის მიმართულება, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებდა და გუნდის კაპიტნის როლში გადავიდა, სადაც სხვადასხვა ტექნოლოგიური პროდუქტის განვითარებაზე მუშაობდა.

დღეს, როდესაც ჩემს კარიერულ გზას ვუყურებ, ვხედავ, რომ თითოეულმა ეტაპმა მომდევნო ეტაპისთვის მომამზადა. სწორედ ეს მომწონს ყველაზე მეტად ჩემს განვითარებაში. კარიერული ცვლილებები ჩემთვის შემთხვევითი ნაბიჯები არ ყოფილა, თითოეული ახალი როლი წინა გამოცდილებას ეფუძნებოდა და თანდათან მიმიყვანა იმ მიმართულებამდე, რომელშიც დღეს ყველაზე დიდ ინტერესსა და ღირებულებას ვხედავ.

რატომ ეჯაილ?

ტექნოლოგიური პროექტებისა და ციფრული პროდუქტების მართვის გამოცდილების შემდეგ, ეჯაილ მწვრთნელის როლი ეკასთვის ბუნებრივი შემდეგი ნაბიჯი აღმოჩნდა. როგორც თავად იხსენებს, ამ სფერომ მისი რამდენიმე მთავარი ინტერესი გააერთიანა:

"ეს მიმართულება ჩემთვის მრავალფეროვან შესაძლებლობებს აერთიანებს. განსაკუთრებით მომწონს ადამიანებთან ურთიერთობა და მათი მხარდაჭერა, რთული სიტუაციებისა და გამოწვევების გაანალიზება და გამოსავლის პოვნა. ჩემთვის ასევე ძალიან საინტერესოა ორგანიზაციის ტრანსფორმაციაში ჩართულობა და იმის დანახვა, თუ როგორ იცვლება მისი მუშაობის კულტურა და მიდგომები. სწორედ ეს მრავალფეროვნება, ადამიანებთან მუშაობა და რეალური ცვლილებების შექმნის შესაძლებლობა გახდა მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს კარიერული მიმართულება ავირჩიე".

სამომავლო პერსპექტივა

დღეს ეკასთვის ეჯაილი მხოლოდ კონკრეტული მეთოდოლოგიით ან ჩარჩოთი მუშაობას არ გულისხმობს. ეს არის აზროვნებისა და მუშაობის მოდელი — როგორ იღებს ორგანიზაცია გადაწყვეტილებებს, როგორ რეაგირებს ცვლილებებზე და როგორ ქმნის მომხმარებლისთვის რეალურ ღირებულებას.

ეკას ხედვით, თიბისის ეჯაილ განვითარების გრძელი გზის შემდეგი ეტაპი ბიზნესის მართვის მოდელში ეჯაილის კიდევ უფრო მეტად ინტეგრირებაა, რაც გულისხმობს ორგანიზაციაში უფრო ძლიერი კავშირის შექმნას სტრატეგიასა და მის განხორიელებას შორის და განსაზღვრავს, როგორ ვირჩევთ სწორ ინიციატივებს, რამდენად სწრაფად ვსწავლობთ მომხმარებლისგან, როგორ ვზომავთ რეალურად შექმნილ ღირებულებას და რამდენად სწრაფად შეგვიძლია მიმართულების შეცვლა, როდესაც იცვლება გარემო, ბაზარი ან მომხმარებლის საჭიროებები.

ეკა აღნიშნავს, რომ "ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნეს შედეგებზე დაფუძნებული მართვა, ფოკუსი არა მხოლოდ იმაზე, რას ვაკეთებთ და რამდენად სწრაფად ვასრულებთ, არამედ იმაზე, რა შედეგს ვქმნით ბიზნესისა და მომხმარებლისთვის. ამასთან ერთად, დღევანდელ რეალობაში მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური შესაძლებლობების, მათ შორის AI-ის გამოყენება იმისთვის, რომ ორგანიზაცია კიდევ უფრო სწრაფი და ეფექტიანი გახდეს".

მთავარი გაკვეთილები

თიბისიში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებიდან, ეკა რამდენიმე მნიშვნელოვან მიგნებას გვიზიარებს:

განვითარების აუცილებლობა

"ეჯაილ სფეროში, სადაც ძალიან სწრაფად იცვლება და ვითარდება მიდგომები, ინსტრუმენტები და ორგანიზაციის საჭიროებები, მუდმივი განვითარება აუცილებელია. თიბისიში მუშაობამ დამანახა, რომ ამ სფეროში ეფექტურობისთვის, არსებული ცოდნა საკმარისი არასდროს არ არის და მუდმივად უნდა სწავლობდე, აკვირდებოდე ახალ მიდგომებს, იღებდე უკუკავშირს და საკუთარ გამოცდილებასაც აანალიზებდე. ჩემთვის განვითარება უკვე არა ცალკე აქტივობა, არამედ პროფესიული ცხოვრების ნაწილია".

ინდივიდუალური მიდგომა

"ერთი მიდგომა ყველასთვის არ მუშაობს, ამიტომ მნიშვნელოვანია ადამიანების ინდივიდუალურად მიდგომა და კონკრეტული კონტექსტის გააზრება. Agile Coach-ისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მზა პასუხების გაცემა, არამედ სწორი კითხვების დასმა. ყველაზე დიდი ღირებულება მაშინ შეგიძლია შექმნა, როცა ადამიანებს ეხმარები, თავად იპოვონ სწორი გამოსავალი".

რეალური ცვლილებები ერთ დღეში არ ხდება

"ორგანიზაციული ტრანსფორმაციის დროს, მხოლოდ პროცესის ან ინსტრუმენტის შეცვლა საკმარისი არ არის, საჭიროა ადამიანების მოსმენა, ნდობისა და მუშაობის ახალი კულტურის ეტაპობრივად ჩამოყალიბება. ვისწავლე, რომ ცვლილებების თანმიმდევრულობა და მოთმინება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სწორი სტრატეგია".


რჩევა მათთვის, ვინც საკუთარ გზას ეძებს

"შეინარჩუნეთ ცნობისმოყვარეობა და არასდროს შეწყვიტოთ განვითარება. დასვით კითხვები, ისწავლეთ, იყავით ღია ახალი შესაძლებლობების მიმართ და ნუ შეგეშინდებათ საკუთარი გზის ძიების.

ხშირად ეს გზა ცდებისა და აღმოჩენების პროცესში ყალიბდება. მთავარია, მუდმივად ვითარდებოდეთ და იპოვოთ ის, სადაც საკუთარ შესაძლებლობებს ყველაზე კარგად გამოიყენებთ და ღირებულს შექმნით.

და რაც მთავარია, არ შეგეშინდეთ შეცდომების — ხშირად სწორედ ისინი გვასწავლიან ყველაზე მეტს და გვეხმარებიან, უკეთ გავიგოთ, რა გვინდა".