მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ რუს აქტივისტს, დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ. სასამართლომ კულანინს საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა — ინფორმაციას "უფლებები საქართველო" ავრცელებს, რომელიც სასამართლოში დენის კულანინის ინტერესებს იცავდა.

ორგანიზაციის განცხადებით, მოსამართლე ლეილა ფოლადაშვილმა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა შეწყალებული დენის კულანინის საქართველოს ტერიტორიიდან გაძევების შესახებ. კულანინს საქართველოს ტერიტორიის ნებაყოფლობით დასატოვებლად 7 დღე განესაზღვრა.

27 აგვისტოს დენის კულანინი მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა, თუმცა გათავისუფლებისთანავე მიგრაციის დეპარტამენტში გადაიყვანეს და საქართველოდან გაძევების პროცედურა დაიწყო. 30 აგვისტოს სასამართლომ მისი მიგრაციის დეპარტამენტის დროებით განთავსების ცენტრში დატოვება გადაწყვიტა, მაქსიმუმ 3 თვით, გაძევების პროცედურის დასრულებამდე. SOVA-ს ცნობით, კულანინს უკვე ჰქონდა ბილეთი სომხეთში, ერევანში, და სწორედ იქ წასვლა სურდა, მაგრამ ადვოკატის ინფორმაციით, 1-ელ სექტემბერს გაფრენის საშუალება არ მიეცა.

2 სექტემბერს კულანინის საქმეს Amnesty International გამოეხმაურა. ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილის, დენის კრივოშეევის განცხადებით, კულანინს რუსეთში გაძევების შემთხვევაში, მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო, თავისუფლების აღკვეთა, წამება და სხვაგვარი არასათანადო მოპყრობა ემუქრება.

კულანინი 2025 წლის 30 აგვისტოს იმავე წლის მარტში აქციაზე პოლიციის მანქანის დაზიანებისთვის დააკავეს და 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.