სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება. როგორც Armenpress წერს, სომხეთის მთავრობამ შესაბამისი ოქმის ხელმოწერას 3 სექტემბერს მხარი დაუჭირა.

პროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ კანონმორჩილი ეკონომიკური საქმიანობის სუბიექტებისთვის საბაჟო კონტროლისა და საბაჟო ფორმალობების გამარტივებული პროცედურების გამოყენების, ასევე საქონლის ტრანსპორტირების ხელშეწყობის მიზნით, ირანულმა მხარემ სომხეთ-ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფნის" შექმნის წინადადება წარადგინა და ამ მიზნის განსახორციელებლად შესაბამისი პროექტიც შეიმუშავა.

"გამარტივებული საბაჟო დერეფნის" ამოქმედების ფარგლებში მხარეები ელექტრონულად გაცვლიან ინფორმაციას საქონლის, სატრანსპორტო საშუალებებისა და საგარეო ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეების, მათ შორის, ექსპედიტორებისა და მათი თანამშრომლების შესახებ — ოქმით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

"გამარტივებული საბაჟო დერეფანი" განკუთვნილი იქნება იმ პირებისთვის, რომელთა საქმიანობაც საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის დაბალი რისკით ხასიათდება.

გამარტივებული პროცედურები გავრცელდება ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებაზე, გარდა პირადი მოხმარების სატრანსპორტო საშუალებებისა, ასევე ყველა სახის ტვირთზე, რომელსაც სომეხი და ირანელი ეკონომიკური სუბიექტები გადაიტანენ. "გამარტივებული საბაჟო დერეფნის" გამოყენება ნებაყოფლობითი იქნება.

"გამარტივებული საბაჟო დერეფნის" მთავარი მიზანი საგარეო ეკონომიკური საქმიანობის კანონმორჩილი მონაწილეებისთვის უფრო ხელსაყრელი პირობების შექმნაა. კერძოდ, დაჩქარდება საბაჟო კონტროლთან და საბაჟო ორგანოებში საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურები, შემცირდება საჭირო დოკუმენტების რაოდენობა და რისკების მართვის სისტემის ფარგლებში, საქონლის შესახებ მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, შემცირდება საბაჟო კონტროლის ფორმები და მოცულობა.

ამის შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდება როგორც საქონლის გაშვებისთვის საჭირო დრო, ისე საზღვარზე ლოდინის ხანგრძლივობა.

პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ "გამარტივებული საბაჟო დერეფნის" ამოქმედებისა და ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია მეგრის სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმდინარე მოდერნიზაცია, რადგან სწორედ ეს უზრუნველყოფს აუცილებელ სამშენებლო პირობებს, ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობებსა და ტექნიკურ აღჭურვილობას.

"გამარტივებული საბაჟო დერეფნის" სრულმასშტაბიანი ამოქმედება მეგრის გამშვები პუნქტის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი, — ნათქვამია პროექტში.