ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ "ნორმალურ სახელმწიფოში უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პირველი, ვინც უკვე იქნებოდა დაბარებული პროკურატურაში გამოკითხვაზე, ეს იქნებოდნენ პრემიერი ირაკლი კობახიძე და პოლიტიკიდან წასული მამუკა მდინარაძე.

"ნორმალურ სახელმწიფოში ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პირველი, ვინც უკვე იქნებოდა დაბარებული პროკურატურაში გამოკითხვაზე, ეს იქნებოდა სწორედ კობახიძე და მდინარაძე, როგორც მინიმუმ. მაგრამ, როგორც ჩანს, სრული ისტერიკა აქვთ დღეს მმართველ რეჟიმს, იმიტომ რომ მათთვის ცხადია, რომ ღარიბაშვილის შემდგომი მხილებები შეიძლება უკიდურესად დამაზიანებელი იყოს. ღარიბაშვილი უზარმაზარ ინფორმაციას ფლობს არა მხოლოდ რეჟიმზე და რეჟიმის პოლიტიკურ საქმიანობაზე, არამედ მათ შორის პირადად ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებით. ამიტომ, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ აწარმოონ რაღაცა პოლიტიკური დაშინების კამპანია ოპონენტების თუ დამოუკიდებელი ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც კითხვას სვამენ იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელსაც ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი და ყოფილი პრემიერმინისტრი აჟღერებს ციხიდან. და ეს ყველაფერი მხოლოდ ამყარებს ეჭვს, რომ ღარიბაშვილი ბრალდებებს არ ისვრის, ასე ვთქვათ, უსაფუძვლოდ", — განაცხადა "ლელო ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა სალომე სამადაშვილმა ტვ პირველთან საუბრისას.

უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერს თაზო დათუნაშვილს დაკითხავენ. 13:00 საათზე — ნაციონალური მოძრაობის წევრ ხატია დეკანოიძეს, 14:00 საათზე — საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი დიღმის მთავარ სამმართველოში მივა გამოკითხვაზე.

ლაზარე ჯორბენაძე პოლიტიკური აქტივისტი და უფლებადამცველი იყო. ის 2026 წლის აპრილში გარდაიცვალა. საქმეზე თვითმკვლელობის ვერსია განიხილება, თუმცა მის ახლობლებს, თანაპარტიელებსა და საზოგადოების ნაწილს ამის არ სჯერათ და მიიჩნევენ, რომ გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ამასთან, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ლაზარე ჯორბენაძემ გაზეთ "ასავალ-დასავალში" გამოაქვეყნა მწვავე ინტერვიუ, სადაც მკაცრად აკრიტიკებდა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, კერძოდ ირაკლი კობახიძესა და მამუკა მდინარაძეს.

მეტი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: