პარტია კოალიცია ცვლილებისთვის წევრის, ბესიკ დონაძის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირის მიმდინარე რეაბილიტაციისას იქ განთავსებული 29 ბრინჯაოს სკულპტურა დაზიანდა, 21 კი — დაიკარგა. დონაძის მტკიცებით, ქანდაკებების აღდგენა და დამზადება ბიუჯეტს დამატებით 273 000 ლარი დაუჯდება.

მოქანდაკე და მინიატურული ქანდაკებების ავტორი ლევან ბუჯიაშვილი აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს. ბუჯიაშვილმა OC Media-სთან განაცხადა, რომ 21 ქანდაკება ნამდვილად მოიპარეს, ოღონდ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დაწყებამდე. მისი თქმით, არ შეესაბამება სიმართლეს ის ფაქტი, რომ სამშენებლო სამუშაოებზე პასუხისმგებელმა კომპანიამ მისი ქანდაკებები დააზიანა, თუმცა დაადასტურა, რომ 29 ქანდაკება წლების განმავლობაში გაცვდა და დაზიანდა, რის გამოც ისინი აღდგენას საჭიროებდა.

ბუჯიაშვილის განმარტებით, მას რეაბილიტაციის შესახებ წინასწარ შეატყობინეს, რის შემდეგაც ყველა ქანდაკება საკუთარ სახელოსნოში შეინახა. მან OC Media-სთან ასევე დასძინა, რომ ქანდაკებების რესტავრაციისთვის სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 273 000 ლარს მიიღებს.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო და მისი დასრულება ნოემბრის ბოლოს იგეგმება.