გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი X-ზე წერს, რომ "გაფართოების შემოდგომა ახლოვდება" და არაფორმალურ გენერალურ საქმეთა საბჭოს სხდომამდე გაკეთებულ განცხადებას აქვეყნებს.

მისი თქმით, შემოდგომაზე ყურადღება გამახვილდება როგორც კანდიდატი ქვეყნების წევრობისთვის მომზადებაზე, ისე თავად ევროკავშირის შიდა რეფორმებზე, უსაფრთხოების მექანიზმებსა და ეტაპობრივ ინტეგრაციაზე ახალი წევრების სრულფასოვან გაწევრიანებამდე.

ევროკომისარი აღნიშნავს, რომ "ახლა აქტიურად განიხილავენ, როგორ მოამზადონ ევროკავშირი ახალი წევრების მისაღებად". ამას გარდა, ევროკომისარი ამბობს, რომ ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს.

"ეს შემოდგომა გაფართოების შემოდგომა იქნება ორი მიმართულებით: პირველი — კანდიდატი ქვეყნების მომზადება წევრობისთვის, ხოლო მეორე — ევროკავშირის შიგნით მზადება ამ პროცესისთვის.

2026 წელი უკვე სარეკორდო წელია. წელს იმაზე მეტი გავაკეთეთ, ვიდრე ბოლო 25 წლის განმავლობაში ერთ წელში გაგვიკეთებია და კიდევ უფრო მეტის მიღწევა შეგვიძლია. ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს.

დღეს განვიხილავთ, როგორ მოვამზადოთ ევროკავშირი ახალი წევრი ქვეყნების მისაღებად. ეს პროცესი ოთხი მიმართულებით წარიმართება:

1. გაფართოების გავლენა: განვიხილავთ, თუ რა გავლენას მოახდენს გაფართოება ჩვენს პოლიტიკასა და წევრ ქვეყნებზე.

2. შიდა რეფორმები: ვისაუბრებთ შიდა რეფორმებზე, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის, როგორც გლობალური მოთამაშისა და ეფექტური გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოს, პოზიციების შესანარჩუნებლად.

3. უსაფრთხოების გარანტიები: განვიხილავთ დამცავი მექანიზმების ახალ თაობას, რათა უზრუნველვყოთ, რომ ახალმა წევრმა ქვეყნებმა შეძლონ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვა მომდევნო 5, 10 თუ 15 წლის განმავლობაში.

4. ეტაპობრივი ინტეგრაცია: უნდა შევავსოთ ნაპრალი გეოპოლიტიკურ საჭიროებასა და დამსახურებაზე დაფუძნებულ პრინციპს შორის. დამსახურებაზე დაფუძნებული გაფართოება დროს მოითხოვს, განვიხილავთ ეტაპობრივი ინტეგრაციის ახალ გზებს, რათა კანდიდატ ქვეყნებს ევროკავშირთან უფრო მჭიდრო კავშირი ჰქონდეთ სრულუფლებიან წევრობამდე", — აცხადებს კოსი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 26 აგვისტოს ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ელჩების კონფერენციაზე ვრცელი სიტყვა წარმოთქვა, რომელშიც ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე ისაუბრა, თუმცა საქართველო უხსენებია.

მარტა კოსმა ყურადღება გაამახვილა კონკრეტული კანდიდატი ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესზე, მათ შორის მონტენეგროს, ალბანეთის, უკრაინის, მოლდოვისა და ისლანდიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. ამ კონტექსტში მას საქართველო არ უხსენებია. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების ნდობა მხოლოდ კანონმდებლობის მიღებით არ განისაზღვრება.