პრემიერი ირაკლი კობახიძე ექსპრემიერ ღარიბაშვილის მიერ ბოლო წერილში გაკეთებულ განცხადებებს გამოუძიებელი თვითმკვლელობების შესახებ "სასაცილოს და ტრაგიკულს" უწოდებს.

"ეს არის უბრალოდ სასაცილო და ტრაგიკული. ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო და ტრაგიკული. უფრო ღრმა სიღრმეში არ შევალ. მარტივი ეთიკური მოსაზრებიდან გამომდინარე. ერთი რამ: ამ ადამიანს ჩემამდე ეკავა პრემიერმინისტრის თანამდებობას და ამიტომ ეს მაკავებს იმისგან, რომ რაიმე სიღრმისეული კომენტარი გავაკეთო ამ წერილებთან დაკავშირებით და მეორე — იმდენად არასერიოზულია თავად შინაარსი, რომ ესეც არ მაძლევს სერიოზულად რაიმე კომენტარის გაკეთების საშუალებას", — განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, "ძალიან სამწუხაროა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი დავიდა კონკრეტული ბნელი გაზეთის ბლოგერის დონემდე".

შეგახსენებთ, რომ ექსპრემიერი ღარიბაშვილი 1-ელ სექტემბერს ციხიდან გამოქვეყნებულ რიგით მე-5 წერილში უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების გარემოებების და რეალური მიზეზის გარკვევას ითხოვს. მისი თქმით, 2026 წლის თებერვალში კობახიძისა და მდინარაძის დავალებით მას აჩვენეს გაზეთ "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებული ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის ინტერვიუ ლაზარე ჯორბენაძესთან, სადაც ის პრემიერ კობახიძეს აკრიტიკებდა. ღარიბაშვილი ამბობს, რომ ამის შემდეგ გადასცეს გზავნილი, რომელშიც "გამოთქმული იყო აბსოლუტურად ცრუ აღქმაზე დაფუძნებული ეჭვი" — ხომ არ იდგა ის ხსენებული სტატიის უკან. მოგვიანებით კი გაიგო, რომ სტატიის რესპონდენტმა, ლაზარე ჯორბენაძემ თავი მოიკლა.

ამის გამო ღარიბაშვილი სვამს კითხვას, ნამდვილად იყო თუ არა მისი გარდაცვალება თვითმკვლელობა და რა გახდა ამის რეალური მიზეზი.

ექსპრემიერის წერილს მალევე გამოეხმაურა საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი. მისი თქმით, "ლაზარე ჯორბენაძე აღმსარებელი და მაზიარებელი კაცი იყო, მისი თვითმკვლელობა კი იმთავითვე ეჭვს იწვევდა და უამრავ კითხვას ბადებდა".

ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?

ლაზარე ჯორბენაძე პოლიტიკური აქტივისტი და უფლებადამცველი იყო. ის 2026 წლის აპრილში გარდაიცვალა. საქმეზე თვითმკვლელობის ვერსია განიხილება, თუმცა მის ახლობლებს, თანაპარტიელებსა და საზოგადოების ნაწილს ამის არ სჯერათ და მიიჩნევენ, რომ გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ამასთან, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ლაზარე ჯორბენაძემ გაზეთ "ასავალ-დასავალში" გამოაქვეყნა მწვავე ინტერვიუ, სადაც მკაცრად აკრიტიკებდა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, კერძოდ ირაკლი კობახიძესა და მამუკა მდინარაძეს.