ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები რომან დარსალია აფხაზეთის დე ფაქტო სუს-მა "შეურაცხმყოფელი განცხადების" გამო დააკავა. უწყებამ დარსალიას ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის აფხაზეთთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო "ბოდიშს იხდის".

რა განცხადებაზე ედავებიან რომან დარსალიას?

აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვებგვერდის თანახმად, "ინტერნეტსივრცის მონიტორინგის დროს" პირდაპირ ეთერში დარსალიასა და უკრაინელი ბლოგერის საუბარი აღმოაჩინეს, რომელიც "აფხაზი ხალხის მიმართ შეურაცხყოფას შეიცავდა".

უწყების ინფორმაციით, დარსალიას წინააღმდეგ "ტარდება აუცილებელი გადამოწმების ღონისძიებები".

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს მუშაობას საინფორმაციო უსაფრთხოებისა და აფხაზეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის დაცვის უზრუნველსაყოფად," — აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადება, რომელზეც დარსალიას ედავებიან, სოციალურ ქსელში აღარ მოიძებნება. "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, დარსალიამ უკრაინელ ბლოგერს, ანდრიი პოპიკს უთხრა, რომ მეგრელია, მისი მშობლები აფხაზეთში დაიბადნენ, მხოლოდ ბაბუა იყო "საქართველოდან". პოპიკმა უთხრა, რომ თავადაც აფხაზეთში დაიბადა, თუმცა ომის გამო იქიდან წასვლა მოუწია, როდესაც, მისი თქმით, "ქართველი ხალხის გენოციდი იყო". დარსალიამ მას უპასუხა: "იყო ასეთი რამ, იყო".

დარსალიამ უკრაინელ ბლოგერთან საუბრისას რუსეთის ხელისუფლება და ვლადიმერ პუტინი შემდეგი სიტყვებით მოიხსენია —"ყ*ეზე მკიდია პუტინი, ეს ძალიან სერიოზული მაფიაა", "პუტინს დედას მოვუ***ავდი, მართლა", "მე ომის წინააღმდეგი ვარ, პუტინის ხელისუფლების წინააღმდეგი ვარ", "ყველა ადეკვატური რუსი რუსეთიდან წავიდა. ვინც დარჩა, ზოგს უბრალოდ წასვლის შესაძლებლობა არ აქვს".

დე ფაქტო მთავრობის უწყების მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში დარსალია ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ უკრაინელმა ბლოგერმა "ვიდეო დაამონტაჟა", რის გამოც თავისი განცხადება უარყო.

"ქართველი ხალხის გენოციდი არ ყოფილა; პირიქით, ჩვენი, აფხაზი ხალხის გენოციდი მოხდა," — ამბობს დარსალია.

ვიდეომიმართვაში დარსალია მოსახლეობას მოუწოდებს, არ ესაუბრონ უკრაინელ ბლოგერებს, და აცხადებს, რომ მათ შეიძლება ვიდეოები არასწორად დაამონტაჟონ.