პოლონეთის მესაზღვრეებმა ვარშავის შოპენის აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა. ამის შესახებ პოლონური მედია იტყობინება. კაცს პოლონეთსა და შენგენის ზონაში შესვლა 10 წლით აეკრძალა. მოგვიანებით კი უახლოესი რეისით თბილისში გამოემგზავრა.

TVP World წერს, რომ კაცს პოსტსაბჭოთა კრიმინალურ სამყაროში მაღალი სტატუსის მქონე პირად მიიჩნევენ. ის პოლონეთში საბერძნეთიდან ჩავიდა. მესაზღვრეებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ის შესაძლოა ის ე.წ. "კანონიერი ქურდი" ყოფილიყო.

ფოტო: tustolica.pl

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კაცი პოლონეთში უკანონოდ იმყოფებოდა და, სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, შესაძლოა საფრთხე შეექმნა უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის.

ოფიციალური მონაცემების გადამოწმებისას გაირკვა, რომ მას შესაძლოა კიდევ 39 სხვადასხვა პირადი მონაცემი გამოეყენებინა.

პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, საფრანგეთმა მას ქვეყანაში შესვლა ადრე მიღებული სისხლის სამართლებრივი განაჩენის გამო აუკრძალა. გერმანიაში კი ის ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში შესაძლო მონაწილეობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხის გამო შესაბამის ბაზაში იყო დაფიქსირებული.

მას ცრუ პირადი მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდება წაუყენეს. კაცი ბრალდებას უარყოფს.

კაცს პოლონეთის დატოვება დაევალა და პოლონეთსა და შენგენის ზონაში შესვლა 10 წლით აეკრძალა.