2026 წელი კინოთეატრებისთვის დატვირთული აღმოჩნდა — წლის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე, უკვე 5-მა ფილმმა მიიღო $1 მილიარდზე მეტი შემოსავალი, რაც საკმაოდ იშვიათი მიღწევაა. ამ ფილმებს შორის აღსანიშნავია Spider-Man: Brand New Day-ს რეკორდული მაჩვენებელი — $2 334 742 220, რის შედეგადაც ის კინოს ისტორიაში უკვე მე-3 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა.

BBC-ის კინოკრიტიკოსებმა, კერინ ჯეიმსმა და ნიკოლას ბარბერმა, კრისტოფერ ნოლანის ეპიკური ბლოკბასტერით დაწყებული, ოლივია უაილდის სექს-კომედიით დასრულებული, წლის ყველაზე შთამბეჭდავი ფილმები დაასახელეს:

1. The Invite

ფოტო: A24

The Invite ზრდასრულ მაყურებელზე გათვლილი ამერიკული კომედიაა. ფილმის სიუჟეტი ერთი საღამოს განმავლობაში, ერთ ბინაში ვითარდება, სადაც სულ 4 პერსონაჟია. სეთ როგენი და ოლივია უაილდი (რომელიც ამავდროულად ფილმის რეჟისორიცაა) უბედურ ცოლ-ქმარს თამაშობენ, ხოლო პენელოპე კრუზი და ედუარდ ნორტონი წყვილს ვახშამზე ეწვევა. ოთხივე მსახიობი შეუდარებლად თამაშობს როლს, უაილდი კი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ შესანიშნავი რეჟისორია.

2. The Odyssey

ფოტო: Universal Pictures

ჰომეროსის პოემის ეს ეპიკური ეკრანიზაცია კრისტოფერ ნოლანის კლასიკური ნამუშევარია. მისი დამახასიათებელი ხელწერა ყველაფერში იგრძნობა: კომპლექსური პერსონაჟითა და არეული თხრობით დაწყებული, იმ იშვიათი ოსტატობით დამთავრებული, რომლითაც ნოლანი ღრმა და შთამბეჭდავ სათავგადასავლო სიუჟეტებს აერთიანებს. მეთ დეიმონი ოდისევსის როლში ბრწყინვალეა, ენ ჰეთევეი, რობერტ პატინსონი, ტომ ჰოლანდი და ზენდეია კი — ისტორიას კარგად ერგებიან. The Odyssey ისტორიაში პირველი ფილმია, რომელიც მთლიანად IMAX კამერებითაა გადაღებული.

3. Nirvanna the Band the Show the Movie

ფოტო: Elevation Pictures

Nirvanna the Band the Show the Movie კანადური კომედიაა, რომლის სცენარისტები და მთავარი როლის შემსრულებლები მეთ ჯონსონი და ჯეი მაკკაროლი არიან. მათ 2008 წელს გადაღებული კადრები ტორონტოს ქუჩების ახალ მასალასთან გააერთიანეს და ეს ყველაფერი სწრაფ, დინამიკურ თავგადასავლად აქციეს. სიუჟეტი მოგვითხრობს ორ სულელ, ვარსკვლავობაზე მეოცნებე პერსონაჟზე, რომლებიც შემთხვევით დროში უკან მოგზაურობენ. ფილმი კომედიურ ელემენტებთან ერთად ხანგრძლივ მეგობრობასა და მშობლიური ქალაქის სიყვარულს ეძღვნება.

4. The Sheep Detectives

ფოტო: Amazon MGM

ეს მხატვრული ფილმისა და ანიმაციის ნაზავი ბავშვებისთვისაც და უფროსებისთვისაც სახალისო და საინტერესო ისტორიაა. ჰიუ ჯეკმანის პერსონაჟი — ჯორჯი, კეთილი მწყემსი, რომელიც თავის ფარას ყოველღამე დეტექტიურ რომანებს უკითხავს — ფილმის დასაწყისშივე გამოემშვიდობება სიცოცხლეს. დეტექტივებით გამოკვებილი ცხვრები კი, საყვარელი პატრონის მკვლელის პოვნას გადაწყვეტენ.

5. 28 Years Later: The Bone Temple

ფოტო: Sony Pictures

2002 წელს დენი ბოილმა და ალექს გარლანდმა ფილმით 28 Days Later (28 დღის შემდეგ) ზომბი-აპოკალიფსის ჟანრი ხელახლა გააცოცხლეს. 2025 წელს მათ ეს 28 Years Later-ით გაიმეორეს. გასაოცარია, რომ 2026 წლის გაგრძელება კიდევ უფრო უკეთესი გამოვიდა. გარლანდის სცენარითა და ნია დაკოსტას რეჟისორობით, 28 Years Later: The Bone Temple ყველაფერს გვთავაზობს, რასაც ზომების ფილმისგან ველით.

6. My Father's Shadow

ფოტო: MUBI

აკინოლა დეივისის ფილმი, რომლის მოქმედებაც 1993 წლის ნიგერიაში ვითარდება, მამასა და ორ პატარა ვაჟზე მოგვითხრობს. სოპე დირიზუ საოცრად ასრულებს მამის როლს, სიუჟეტი კი მის ერთ დღეს მიყვება: მამას ბიჭები ლაგოსში მიჰყავს, სადაც სამუშაო ადგილს ათვალიერებინებს და კუთვნილი თანხის მიღებას ცდილობს. დღის განმავლობაში თანდათან იკვეთება საპრეზიდენტო არჩევნების ირგვლივ არსებული მღელვარება, რომლის შედეგებსაც სამხედრო დიქტატურა გააუქმებს.

რეჟისორმა და მისმა ძმამ, უოლე დეივისმა, სცენარი საკუთარ ბავშვობის მოგონებებზე დაყრდნობით დაწერეს. ფილმი სამყაროს ბავშვების თვალით გვანახებს, თუმცა, ამავდროულად, მკაფიოდ გვაგრძნობინებს მამის შიშსა და გარშემო არსებულ საფრთხეს — ქუჩებში გამოჩენილ სამხედრო დაჯგუფებებს, რომელთა საშიშროებასაც ჩვენ ბავშვებზე ბევრად უკეთ აღვიქვამთ. ფილმმა საუკეთესო ბრიტანული დებიუტისთვის BAFTA-ს ჯილდო მიიღო.

7. Hoppers

ფოტო: Deadline

Pixar მოლაპარაკე ცხოველების ანიმაციით ჩვეულ ფორმას უბრუნდება. Hoppers-ის მთავარი გმირი, მეიბელი, მიზანდასახული სკოლის მოსწავლეა, რომელსაც გონებაზე ჩატარებული პროცედურის შედეგად ცხოველების საუბრის გაგება შეუძლია. ამ ფანტასტიკური შესაძლებლობით ის თავის ბეწვიან მეგობრებს კორუმპირებული მერის წინააღმდეგ გააერთიანებს, თუმცა რა მოხდება, თუ ისინი ზღვარს გადასცდებიან?

8. Wuthering Heights

ფოტო: Warner Bros Pictures

1847 წლის რომანის ემერალდ ფენელისეული ინტერპრეტაცია ბრონტეს მოყვარულებისთვის შესაძლოა არ იყოს განკუთვნილი, თუმცა ფენელის ოსტატობის ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენს. მარგო რობი და ჯეიკობ ელორდი ქეთისა და ჰითკლიფის როლებს ქარიზმატულად ასრულებენ. მათ შორის არსებული კავშირი ერთდროულად სექსუალური, რომანტიკული და, რაღაც მხრივ, სასტიკია. ეს ის სისასტიკეა, რომელიც ბრონტეს სხვა ეკრანიზაციებს ხშირად აკლდა. წიგნი ჯერ კიდევ არსებობს, ამიტომ რეჟისორის განსხვავებული ეკრანიზაცია არც არაფერს აშავებს და, მეტიც, ზუსტად გადმოსცემს ქარიშხლიანი უღელტეხილის სამარადისო ვნებასა და ეპოქის კლასობრივ ბარიერებს.

9. Project Hail Mary

ფოტო: Amazon MGM Studios

Project Hail Mary სამეცნიერო-ფანტასტიკური ბლოკბასტერია, რომელიც ერთდროულად ამაღელვებელ, შთამაგონებელ და მხიარულ ისტორიას გვიყვება. ფილმი ენდი უეირის რომანის მიხედვითაა გადაღებული. რეჟისორები — ფილ ლორდი და კრისტოფერ მილერი — რთულ ნარატივს ისეთივე დინამიკურ და სახალისო ნამუშევრად აქცევენ, როგორიც მათივე გადაღებული The Lego Movie იყო. რაიან გოსლინგი კი თავისი სახასიათო სტილით ასრულებს ამნეზიის მქონე ბიოლოგის როლს, რომელიც სამყაროს გადარჩენას ცდილობს.

10. Two Prosecutors

ფოტო: Curzon

უკრაინელი რეჟისორის, სერგეი ლოზნიცას დრამა 1937 წელს, სტალინის რეპრესიების დროს ვითარდება და დღევანდელ ავტორიტარიზმსაც ეხმიანება. მთავარი გმირი კორნიევია — ახალგაზრდა საბჭოთა იურისტი, რომელიც პოლიტპატიმრისგან სისხლით დაწერილ საიდუმლო ბარათს იღებს: მოხუცს სურს, ფარდა ახადოს საბჭოთა რეჟიმის წამების გზებს. კორნიევი პატიმარს ინახულებს და ცდილობს, გვერდი აუაროს ციხის კორუმპირებულ ადმინისტრაციასა თუ საკუთარ უფროსებს, რათა ეს უსამართლობა გააშუქოს — მას გულუბრყვილოდ სჯერა, რომ ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია.

11. Dead Man's Wire

ფოტო: Row K Entertainment

გას ვან სენტი კომედიურ თრილერში ტონი კირიცისის რეალურ ამბავს მოგვითხრობს. ტონი მძევლად აიყვანს მაკლერს, რომელსაც საკუთარ ფინანსურ პრობლემებს აბრალებს, შემდეგ კი ადგილობრივ რადიოსადგურში რეკავს, რათა მსმენელებს თავისი ფიქრები გაანდოს. შედეგად, კირიცისი ადგილობრივ ვარსკვლავადაც იქცევა.

12. The Drama

ფოტო: A24

ზენდეიასა და რობერტ პატინსონის წყვილი ნებისმიერ რომანტიკულ კომედიაში საინტერესო და გასართობი სანახაობა იქნებოდა, თუმცა კრისტოფერ ბორგლის პროვოკაციული დრამა უბრალო რომანტიკული კომედია არ არის. როდესაც ქორწილამდე ერთი კვირით ადრე ემა ჩარლის ბნელ საიდუმლოს გაუნდობს, ფილმის მიმართულება სრულიად იცვლება. ზენდეია ემას პერსონაჟს იმდენად გულწრფელად თამაშობს, რომ მაყურებელი ამ საიდუმლოს მიუხედავად, მაინც მას გულშემატკივრობს, პატინსონი კი შესანიშნავად გადმოსცემს ჩარლის ნერვიულობასა და შფოთვას — სოციოპათზე ხომ არ ქორწინდება?!