სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საპატიმროში ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ ციხის ადმინისტრაციამ ექსპრემიერს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმა.

31 აგვისტოს IPN-მა გაავრცელა პენიტენციური სამსახური "გაუქმებულ პაემნებთან" დაკავშირებით, სადაც ნათქვამი იყო, რომ "არ ყოფილა პაემანი და არც გაუქმებულა".

"პერიოდულად ის იღებდა წამახალისებელ პაემნების შესაძლებლობას და ეს ამბავი, რაც მოხდა მათი განცხადებით, დაკავშირებულია რაღაც ინფრასტრუქტურულ საკითხთან, რემონტი მიმდინარეობდა კონკრეტულ პერიოდში და ამიტომ ვერ მოხერხდა მათგან ამ პაემნის ჩანიშვნა. თუმცა, სამომავლოდ რაიმე ტიპის უარყოფა, ან უარი იმასთან დაკავშირებით, რომ მას მიეცეს ასეთი პაემნების შესაძლებლობა, ციხის ადმინისტრაციას არ დაუფიქსირებია", — განაცხადა იოსელიანმა "ტვ პირველთან" საუბრისას.

ეს კი პენიტენციური სამსახურის კომენტარი, რომელიც IPN-მა გაავრცელა:

"ირაკლი ღარიბაშვილი ზის დახურული ტიპის მე- 12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც წელიწადში ორი ხანგრძლივი პაემანი ეკუთვნის და ეს ორი პაემანი უკვე აქვს გამოყენებული. შესაბამისად, არ ყოფილა პაემანი და არც გაუქმებულა".

ირაკლი ღარიბაშვილის მონახულების შემდეგ, იოსელიანი აცხადებს, რომ ექსპრემიერს "რაღაც განსაკუთრებული უსაფრთხოების მიმართ პრეტენზიები არ გამოუთქვამს". რაც შეეხება წერილებს, ამასთან დაკავშირებით საუბარი არ ჰქონიათ.

"ჩვენ, სახალხო დამცველის აპარატი, პირადად მე, მაქსიმალურად ვამონიტორინგებთ მის მდგომარეობას, ისევე როგორც სხვა პატიმრების, ბუნებრივია, მაგრამ საზოგადოებრივი ინტერესი მის მიმართ განსაკუთრებით დიდია და ამიტომ პირადადაც შევედი და ვესაუბრე. რაღაც განსაკუთრებული უსაფრთხოების მიმართ პრეტენზიები არ გამოუთქვამს. ერთი ამავდროულად შემიძლია გითხრათ, ციხის ადმინისტრაციის, დირექტორის, ის პერსონალურად ნამდვილად მადლიერია და ამბობს, რომ ეს ადამიანები მის მიმართ ძალიან კარგად არიან განწყობილნი.

რაც შეეხება იმ საკითხს — წერილებს და სხვა საკითხებს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ საუბარი არ გვქონია. ჩემი ძირითადი შეხვედრის მიზანი იყო გავცნობოდი მის საცხოვრებელ პირობებს, კიდევ ერთხელ მენახა, მათ შორის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიმეღო ინფორმაცია, დამატებითი ინფორმაცია მიმეღო აი ამ ინციდენტის შესახებ, რასაც ჰქონდა ადგილი და სამომავლოდ რა შეიძლება მოხდეს.

...მის წერილთან დაკავშირებით მე მასთან არ მიმსჯელია. რაც შეეხება ინფორმაციას, რომელიც გავრცელდა საჯარო წყაროებით, თუ ის ინფორმაცია არის დანაშაულის ნიშნების შემცველი, ბუნებრივია, ამაზე უნდა დაიწყოს გამოძიება და გამოძიებამ უნდა გასცეს ამას პასუხი. თუ გამოძიება დადგენილ ვადაში არ ახდენს რეაგირებას, აჭიანურებს გამოძიების პროცესს, სახალხო დამცველი და მისი აპარატი ერთვება ხოლმე ამ პროცესში და დავაკვირდებით...

...მე არ ვარ საგამოძიებო უწყება... მე არ ვარ საგამოძიებო უწყება, რომ ეს ინტერესი დავიკმაყოფილო. ამის მიღმა, ყველა საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია პატიმრებთან, პატიმრების ციხეში ყოფნის პირობებთან, იმ დანაშაულებთან, რაც შეიძლება საპატიმროში მოხდეს, ყველაფერთან დაკავშირებით გვაქვს მიმართული, გამოთხოვილი ინფორმაცია და ასახული მაქვს ჩემს ანგარიშში", — განაცხადა იოსელიანმა "ტვ პირველთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ომბუდსმენთან შეხვედრის სურვილი ექსპრემიერმა ორი დღის წინ, მას შემდეგ გამოთქვა, რაც მისი თქმით, შვილებთან პაემანი გაუუქმეს.

"როდესაც მცირეწლოვან შვილებს სამი თვის განმავლობაში არ გაჩვენებენ და გიუქმებენ, ეს, რა თქმა უნდა, მისი უფლებების დარღვევაა და გადაამოწმოს სახალხო დამცველმა, სიმართლეს ვამბობთ ჩვენ, თუ [პენიტენციური სამსახურის] განცხადება", — განაცხადა ექსპრემიერის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა.