მაილი საირუსი ბრუნდება. ოღონდ, ამჯერად, უბრალოდ, მაილი — ამერიკელმა მომღერალმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ მხოლოდ სახელით გააგრძელოს ვარსკვლავური კარიერა. სახელი შეიცვალა როგორც მაილის სოციალური მედიის ანგარიშებზე, ასევე მის ვებსაიტზე. 31 აგვისტოს გრემის მფლობელმა მუსიკოსმა ინსტაგრამზე ახალი პოსტი გამოაქვეყნა, წარწერით "მაილი", 1-ელ სექტემბერს კი ფანებს უკვე ახარა, რომ სულ მალე მისი ახალი ალბომიც გამოვა.

Bass Persuades — ასე ჰქვია მაილის რიგით მე-10 სტუდიურ ალბომს, რომელიც დღის სინათლეს 18 სექტემბერს იხილავს. ჩანაწერი 10 სიმღერას გააერთიანებს.

მაილის შემოქმედებით ცხოვრებაში ახალი ეტაპის დაწყებაზე მხოლოდ სახელის ცვლილება არ მიუთითებს. რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი, რომ მომღერალმა ლეიბლიც შეიცვალა და Atlantic Records-თან გააფორმა კონტრაქტი.

რაც შეეხება ახალ ალბომს, მის შესახებ მაინცდამაინც ბევრი რამ არაა ცნობილი. ბრიტანული ტაბლოიდი The Sun თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ Bass Persuades "ემოციური ალბომია, რომელიც მომღერლის საქმროსთან, მაქს მორანდოსთან, ურთიერთობას შეეხება".

"სიმღერა ჩემთვის მხოლოდ აკორდები, მელოდია და ტექსტი არაა. ესაა განცდა", — განაცხადა მაილიმ ერთ-ერთ უახლეს ინტერვიუში, — "[სიმღერა] არ შეიძლება პასუხივით სწორი ან არასწორი იყოს, ისაა ცოცხალი, ლამის დამოუკიდებელი არსება, რომელიც მოსაყოლ ამბავს აუცილებლად გაგიზიარებს, თუკი გულისყურით მოუსმენ".

თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...