ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ყალბი პროფილები სოციალურ ქსელში სახელისუფლებო ნარატივების გასაძლიერებლად — "მითების დეტექტორმა" 2026 წლის პირველ ნახევარში 434 ასეთი არაავთენტიკური ანგარიში გამოავლინა.

მონიტორინგის თანახმად, აღნიშნული ანგარიშები საზოგადოებრივი მხარდაჭერის იმიტირებას ემსახურებიან და ძირითადად ორ სტრატეგიულ მიმართულებაზე აქტიურობენ: სოციალურად მგრძნობიარე შიდაპოლიტიკურ თემებსა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიულ თუ პოლიტიკურ რევიზიაზე:

  • პროტესტი დიუშენის სინდრომის მედიკამენტების მოთხოვნით (აპრილი): პირველი შემთხვევა აპრილში, დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტის საპასუხოდ წამოწყებულ კამპანიას უკავშირდებოდა, სადაც 47 ყალბი პროფილი ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ანგარიშები ამჟამად ხელმისაწვდომი აღარ არის.
  • "დიფ სთეითი" და "რუსოფობია" (12 აგვისტო): ყალბი პროფილების მეორე ტალღა 12 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის 18 წლისთავზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ "დიფ სთეითსა" და "რუსოფობიაზე" გაკეთებული განცხადებების გავრცელებისას გამოვლინდა. სახელისუფლებო მედიის საინფორმაციო ბარათების რეაქციებში 230 AI-გენერირებული ანგარიში აქტიურობდა.
  • გეორგიევსკის ტრაქტატის შეფასება (18 აგვისტო): 18 აგვისტოს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 1783 წელს რუსეთთან გაფორმებული გეორგიევსკის ტრაქტატი იმ პერიოდში საქართველოს გადარჩენისა და ქრისტიანულ დასავლეთთან კავშირის შენარჩუნების ერთადერთი გზა იყო. "იმედისა" და "ინტერპრესნიუსის" საინფორმაციო ბარათების (1,2) რეაქციებში "მითების დეტექტორმა" დამატებით გამოავლინა 157 ახალი ანგარიში, რომლებიც 12 აგვისტოს პოსტზე გამოვლენილ (230) იდენტურ ყალბ ანგარიშთან ერთად აქტიურობდნენ.

კვლევამ გამოავლინა, რომ აგვისტოში დაფიქსირებული 387 ანგარიშიდან 323 სწორედ ივლის-აგვისტოში შეიქმნა (მხოლოდ 20 ივლისს — 154 პროფილი). სანდოობის იმიტაციისთვის პროფილებზე მითითებულია რეალური სამუშაო ადგილები — მუნიციპალური სამსახურები, ბანკები, საგამოძიებო მედია iFact.ge და Al Jazeera-ც კი.

ქსელში ფიქსირდება იდენტური სახელები მაგალითად, სამი Mariam Gelashvili, ორი Shorena Tatishvili, ურთიერთმეგობრობა და სახელისუფლებო გვერდების "აი პოლიტიკა" გამოწერა.

Hive Moderation-ის ინსტრუმენტით პროფილის ფოტოების AI-გენერირების ალბათობა 90-100%-ს აღწევს. ხელოვნური ინტელექტის შეცდომები განსაკუთრებით ანატომიურ უზუსტობებში ვლინდება.

მაგალითად, ნია კორძაძის პროფილის ფოტოზე მარჯვენა ხელს მტევანი საერთოდ აკლია. სხვა შემთხვევაში კი, საჭესთან მყოფი პროფილის მარჯვენა მაჯას მოწყვეტილი მტევანი მარცხენა ლოყაზე აქვს მიკრული, მაშინ როდესაც საჭეს მარცხენა ხელი ეყრდნობა. დეფექტები ასევე გვხვდება არაბუნებრივ თითებში, დეფორმირებულ ჯვრებსა და შენობებში.

ფოტო: მითების დეტექტორი

ფოტო: მითების დეტექტორი

იხილეთ სრულად.