გენერალურ პროკურატურასთან 6 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ოჯახი გამოძიების ოფიციალურ დასკვნას, რომლის მიხედვითაც ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, არ ენდობა და საქმის ხელახალ ამოძიებას ითხოვს.

ამ მოთხოვნით ოჯახმა საგამოძიებო უწყებასთან ყოველ ორშაბათს, 11:00 საათზე, საპროტესტო აქციები დააანონსა.

გარდაცვლილის დედა, თეონა თამაზაშვილი, საზოგადოებას და განსაკუთრებით დედებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

"ყველა დედა უნდა გამოვიდეს, აბსოლუტურად ყველა დედა, რისი გეშინიათ, დედებო?! შვილები დაკარგეთ, კაცმა არ იცის, რისთვის გამოიყენეს თქვენი შვილები. გამოდით ყველანი, დავუპირისპირდეთ ამ საზიზღარ პროკურატურას! თუ არ არიან კომპეტენტურები, მაშინ წავიდნენ და სხვები მოვიდნენ და იმათ გააგრძელონ! როდემდე? რამდენი შვილი უნდა დაიკარგოს? რამდენი შვილი უნდა მოგვიკლან, ბოლოს და ბოლოს?!

თამუნას ფეხსაცმელზე და მანქანის ხალიჩაზე აღმოჩნდა სისხლის კვალი და ამაზე თვალებში შეგვაყარეს ნაცარი და გვითხრეს, რომ ეს ბუზებმა გადაიტანეს თურმე, აი, ასეთი კომპეტენტურები რომ არიან პროკურატურაში! პირველად გავიგე, რომ ბუზებს სისხლი გადაჰქონდათ რამე ნივთებზე," — ამბობს თეონა თამაზაშვილი (მის კომენტარს "ტვ პირველ" ავრცელებს).

საქმეზე და ხელისუფლების შესაძლო მონაწილეობაზე ისაუბრა თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმაც.

"არაფერი გამოძიებულა დღემდე, 6 წელიწადია, მარტო ესენი იყვნენ დაკავებული გაყალბებით, დაშინებით მოწმეების. მაშინ ასე გამოდის, რომ მთავრობის დავალებით მუშაობენ, ტვინი გამოიყენეს, მომიკლეს შვილი," — ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები 19 აგვისტოს პროკურატურაში მივიდნენ და მათი შვილის საქმეზე ხელახალ გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადება შეიტანეს. პროკურატურამ საქმის ხელახალ გამოძიებაზე უარი განაცხადა. უწყების განცხადებით, მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს, რომ ადგილი არ ჰქონია დანაშაულს და პროგრამისტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

"საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 17 დეკემბერს დაასრულა. გამოძიების მიერ მოპოვებულმა მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი, თანმიმდევრული და ლოგიკური ანალიზი უტყუარად ადასტურებს, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აქვე ხაზგასგასმით ვაცხადებთ, რომ საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია", — წერია უწყების გაანცხადებაში.

მშობლები უწყების გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და ბრძოლასა და საპროტესტო აქციებს აგრძელებენ.