მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებული, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული, სიმონ მახარაძე ციხიდან გათავისუფლების პირველ წუთებსა და პატიმრობაში გატარებულ მძიმე თვეებს "ტვ პირველთან" საუბრისას იხსენებს.

მისი თქმით, შეწყალების შესახებ ინფორმაცია სრულიად მოულოდნელად შეიტყო. მახარაძე აღნიშნავს, რომ მიუხედავად განცხადების დაწერისა, დიდი იმედი არ ჰქონდა, რომ შეიწყალებდნენ. მან პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ შეზღუდვებზე, ოჯახთან კონტაქტის აკრძალვასა და იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რის გამოც საპროცესო შეთანხმებას დათანხმდა.

"დაახლოებით იყო 9 საათი, ბადრაგი მოვიდა და მითხრა, რომ "გაემზადე, შეწყალება შეგეხოო". მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი. დაწერილი მქონდა შეწყალებაზე, მაგრამ იმედი არ მქონდა, რომ ესენი რაღაცას გააკეთებდნენ. ზურაბ ჭავჭანიძესთან ერთად ვიყავი, ბათუმელ მედროშესთან. გავემზადე და გარეთ რომ გამომიშვეს, ჟურნალისტები დამხვდნენ, ინტერვიუ მთხოვეს, მაგრამ არ მივეცი და წამოვედით პირდაპირ სახლში. ცოტა ფეხით გამოვისეირნეთ, მონატრებული ვიყავით.

მძიმე თვეები იყო იმ მხრივ, რომ შეზღუდვები მქონდა ტელეფონთან დაკავშირებით, აკრძალვები მქონდა, ოჯახის წევრებთან პაემანს ვერ ვაკეთებდი და სასამართლოებშიც იმის მოლოდინში, რომ აი, შეიძლება 5 წელი მოეცათ. საპროცესო როცა შემომთავაზეს, ეგრევე დავთანხმდი, რომ ოჯახის წევრებთან ვყოფილიყავი. 18 აგვისტოს გავხდი 23 წლის. ზუსტად 50 დღე მქონდა დარჩენილი, 16 ოქტომბერს მიწევდა გამოსვლა, — ამბობს სიმონ მახარაძე (მის სიტყვას "ტვ პირველი" ავრცელებს).

სიმონ მახარაძე 4 ოქტომბრის საქმეზე იყო დაკავებული. მან რამდენიმე თვის წინ საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის მიხედვითაც 1 წლით პატიმრობა და 3 წლით პირობითი სასჯელი განესაზღვრა.

ცნობისთვის, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მიხეილ ყაველაშვილმა სულ 226 მსჯავრდებული შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეწყალების აქტი შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს ნასამართლობა მოეხსნა. შეწყალებულთა შორის აღმოჩნდნენ "რუსული კანონისა" და საპროტესტო აქციების, ასევე "4 ოქტომბრის საქმეზე" დაკავებული პირები.