დაჰკვირვებიხარ, შოკოლადს რომ მშიერი, ცარიელ კუჭზე შეჭამ, სხვანაირად მოქმედებს შენზე და როცა სხვა საჭმელს აყოლებ — სხვანაირად? თუ ტკბილი ისე გიყვარს, რომ უამრავი რჩევა-დარიგების მიუხედავად, რაციონიდან სრულად მაინც ვერ იღებ, ამის ცოდნა გამოგადგება.

როცა შოკოლადი (ან სხვა შაქრიანი დესერტი) ცარიელ მუცელში ხვდება — სისხლშიც სწრაფად გადადის და ენერგიის იმ პატარა აფეთქებას, რომელსაც ელოდები, ხშირად უფრო სწრაფი მოთენთილობა მოჰყვება ხოლმე.

როცა იმავე შოკოლადამდე რამე ისეთი შეჭამე, რომელსაც ორგანიზმი ნელა ინელებს — ბოსტნეული ან ცილა — პროცესიც ბევრად მშვიდი ხდება.

ყველაზე ეშმაკური ნაწილი კი ის არის, რომ შუადღისას, როცა ძალა გამოგველევა, ტკბილეულს ხშირად "საწვავად" ვიყენებთ. არადა, წუთიანი სიამოვნების შემდეგ სიფხიზლე კი არ იმატებს, პირიქით — თვალები უფრო მეტად გვეხუჭება.

ფოტო: Pinterest

მერე მეორე ტალღაც მოდის — ისეთი შიმშილი, თითქოს საერთოდ არაფერი გეჭამოს. სუსტი ნებისყოფა აქ არაფერ შუაშია — უბრალოდ სხეული იმ სწრაფ ცვლილებას პასუხობს, რომელიც ცოტა ხნის წინ მოხდა.

ჰოდა, მთელი ეშმაკობა იმაში კი არ არის, რომ დესერტზე უარი თქვა ან ის "დაიმსახურო", არამედ იმაში, როდის შეჭამ.

სამუშაო მაგიდის უჯრიდან დაღლილობისას ამოღებული ტკბილი სასუსნავი თითქმის ყოველთვის სიჩქარეში, ნახევრად ავტომატურად იჭმევა. სადილის ბოლოს, მაგიდასთან მიტანილი კი — მშვიდად, ყოველგვარი ილუზიის გარეშე და უბრალოდ სიამოვნებისთვის.

თუ რამის შეცვლა გინდა, შეიძლება რაოდენობასთან ბრძოლას სჯობდეს, უბრალოდ მისი მიღების დრო შეცვალო — იგივე დესერტი, იმავე დღეს, ოღონდ სადილის ბოლოს და არა მაშინ, როცა სხეულს უბრალოდ დასვენება სჭირდება.