ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე ტიბეტი-ნეპალის საზღვარზე მომხდარ სტიქიურ მოვლენაზე გლაციოლოგ ლევან ტიელიძის შეფასებას ეხმაურება, რომელშიც მეცნიერი იმ სამეცნიერო დარგების გაძლიერების მნიშვნელობაზე საუბრობს, რომლებიც ბუნებრივი საფრთხეების შესწავლასა და პროგნოზირებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.

ნინო დობორჯგინიძე წერს, რომ ამის ფონზე განათლების სამინისტრო ილიაუნის არ აძლევს უფლებას, კიოლნის უნივერსიტეტთან ერთად განახორციელოს გარემოს კვლევების ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა.

"ილიაუნის პროფესორმა, ლევან ტიელიძემ გამოაქვეყნა ტიბეტი-ნეპალის უმძიმესი წყალმოვარდნის შეფასება და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, როგორ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გარემოს კვლევები, რომ ოპტიმალურად ვმართოთ იმ რვაასი ულამაზესი მყინვარის ეკოსისტემაში მიმდინარე ცვლილებები, ყინულის დნობის შედეგად გაჩენილი საფრთხეები.

ამის ფონზე უნდა შეგახსენოთ ის, რაზეც არაერთხელ დაწერეს ჩვენმა პროფესორებმაც და მეც: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ოფიციალური წერილით გვაცნობა, რომ არ გვაძლევს უფლებას, კიოლნის უნივერსიტეტთან ერთად განვახორციელოთ გარემოს კვლევების (Environmental Sciences) ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა. საუბარია ერთადერთ პროგრამაზე საქართველოში, სხვა უნივერსიტეტებში არაა.

ამ მავნებლობაზე აუცილებლად აგებთ პასუხს!", — წერს ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში.