რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, თბილისის 47-ე საჯარო სკოლასა (ჩიტაძის ქუჩა #9) და კლასიკურ გიმნაზიაში (რუსთაველის გამზ. #10) სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან ჰიბრიდულ ფორმატში გაგრძელდება.

რას ნიშნავს სწავლების ჰიბრიდული მოდელი?

უწყების განმარტებით, მოსწავლეთა ნაკადების განტვირთვისა და პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, გაკვეთილების დაწყების საათები კლასების მიხედვით გადანაწილდება, ხოლო უფროსკლასელები სწავლას დისტანციურად შეუდგებიან. სარემონტო ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებისთანავე, ორივე სკოლა ჩვეულ, პირისპირ სწავლების ფორმატს დაუბრუნდება.

15 სექტემბრიდან თბილისის N47 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 09:00 საათზე დაიწყება I-VI კლასების მოსწავლეებისთვის;

12:00 საათზე — VII-X კლასების მოსწავლეებისთვის;

დისტანციურად — XI-XII კლასების მოსწავლეებისთვის.


თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში სასწავლო პროცესი 10:00 საათზე დაიწყება V-IX კლასების მოსწავლეებისთვის;

14:00 საათზე — I-IV კლასების მოსწავლეებისთვის;

დისტანციურად — X-XII კლასების მოსწავლეებისთვის.

"ორივე სკოლაში სასწავლო პროცესის დაწყების დროები ისეა გადანაწილებული, რომ სკოლაში მოსწავლეთა ნაკადები ერთმანეთს არ დაემთხვეს და სასწავლო პროცესი ორგანიზებულად წარიმართოს.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულებისთანავე ორივე სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.

ბოდიშს ვუხდით სასკოლო საზოგადოებას ამ დროებითი დისკომფორტის გამო და მადლობას ვუხდით მოთმინებისთვის“, — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.