ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურის პრესსამსახურზე დაყრდნობით სააგენტო Prime იუწყება, რომ კვირის განმავლობაში ზემო ლარსის გამშვები პუნქტი 113 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა. მთავრობის სხდომაზე ვიცერემიერმა ირბეკ ტომაევმა განაცხადა, რომ ამავე პერიოდში გამშვებ პუნქტში 33 ათასზე მეტმა ავტომობილმა გაიარა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გასულ კვირას რუსეთის ფედერალურმა საბაჟო სამსახურმა განაცხადა, რომ ზემო ლარსის გამშვები პუნქტი ერთ დღეში 20 ათასზე მეტმა მგზავრმა გადაკვეთა. უწყების ცნობით, 15 და 16 აგვისტოს ნაკადმა დღეში 19 ათას ადამიანს გადააჭარბა, ხოლო მსუბუქი ავტომობილების რაოდენობამ სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული მონაცემები უარყო და განაცხადა, რომ ამ პერიოდში გამშვები პუნქტი 16 ათასზე ოდნავ მეტმა ადამიანმა გაიარა, საიდანაც 7 800 საქართველოში შემოვიდა, 8 400 კი რუსეთის მიმართულებით წავიდა.

აღნიშნული გზა რუსეთსა და საქართველოს ერთადერთი მოქმედი სახმელეთო სასაზღვრო გამშვები პუნქტის — ზემო ლარსის საშუალებით აკავშირებს. ეს მარშრუტი ასევე აკავშირებს რუსეთს სომხეთთან.