პენიტენციური სამსახური ადვოკატ გიორგი ჩხეიძეს პასუხობს, რომ ლაშა ბუღაძის "რომანის სათაური მის შინაარსთან დაკავშირებით ბუნდოვანებას ქმნის და არ იძლევა ერთმნიშვნელოვანი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას".

წერილში, რომელიც 24 აგვისტოთია დათარიღებულ წერია, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მხოლოდ იმ წიგნებს არ უშვებენ, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მსჯავრდებულის უსაფრთხოებასა და პენიტენციური სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებას.

"ლაშა ბუღაძის რომანის "დამკვირვებლის" სათაური რომანის შინაარსთან დაკავშირებით ბუნდოვანებას ქმნის და არ იძლევა ერთმნიშვნელოვანი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. განსაკუთრებით პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმართებით, რის გამოც მისი პენიტენციურ დაწესებულებაში დაშვება არ იქნა მიჩნეული მიზანშეწონილად.

აქვე, დამატებით გაცნობებთ, რომ გაურკვეველი შინაარსის ლიტერატურა, რომელიც შესაძლებელია საფრთხეს უქმნიდეს ბრალდებულის/ მსჯავრდებულის უსაფრთხოებას და დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას, ვერ იქნება შეგზავნილი პენიტენციურ დაწესებულებაში, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მისი ავტორი", – წერია პენიტენციურის წერილში, რომელსაც ლაშა ბუღაძე ავრცელებს.

მწერალი იქვე წერს — "დაუჯერებელია, რომ ამას მხატვრულ ტექსტზე წერენ, მაგრამ ალბათ ლოგიკურია".

შეგახსენებთ, რომ მწერალ ლაშა ბუღაძის ბოლო რომანი "დამკვირვებელი", რომელსაც 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდადებულ ნანა სანდერს უგზავნიდნენ, რუსთავის ციხეში არ დაიტოვეს.