"ირაკლი ღარიბაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და ექსმინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის საქმეზე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს", — ამის შესახებ ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, ნათია თამაზაშვილმა "ტვ პირველის" ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა.

"ჩემი შეფასებით ირაკლი არის პოლიტიკური პატიმარი. მთელი ის მიმდინარე მოვლენები, რაც ირაკლიმ არაერთ განცხადებაში აღნიშნა, საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო ყველასთვის, მათ შორის თქვენთვისაც. ამ წერილებში აშკარად იყო გამოკვეთილი ის წინაპირობები, რამაც აქამდე მოგვიყვანა. ჩვენთვის, ბუნებრივია, ცნობილი არ იყო, რაზე იყო საუბარი, მაგრამ დღეს დადასტურდა იმ წერილში მითითებული შინაარსი, რაზეც ირაკლი საუბრობდა. [...] დანარჩენი დაველოდოთ მიმდინარე პროცესებს და, შესაბამისად, ირაკლი ბუნებრივია იტყვის თავის სათქმელს, რაც უნდა რომ თქვას, აუცილებლად. [...] ეს პროცესი, დღეს სადაც ვართ, პირადად ჩემთვის წარმოუდგენელია. [...] ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ არანაირ ქრთამზე არ არის საუბარი. არც აღიარა, ხელიც არ მოაწერა ირაკლიმ ამ ბრალდებას და, ბუნებრივია, მიმდინარე პერიოდის განმავლობაში ყველაფერი გაირკვევა", — ამბობს ადვოკატი.

ჟურნალისტის კითხვაზე, ჯუანშერ ბურჭლაძემ გაწირა ღარიბაშვილი? ნათია თამაზაშვილი პასუხიბს, რომ არ იცის, ვინ გაწირა და აუცილებლად გაირკვევა ყველაფერი.

შეგახსენებთ, რომ 750 000-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება დღეს წარუდგინა.

"2022 წლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის საჭიროება დადგა. სამი საიდუმლო შესყიდვის დროს, ჯუანშერ ბურჭულაძის ნათესავის, ვასილ მხეიძის ნაცნობი ბიზნესმენის კომპანიებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 11,499,705 ლარის რეალური ღირებულების მქონე სამედიცინო აპარატურა და სხვა ინვენტარი მიაწოდეს 18,484,960 ლარად.

ზემოხსენებული შესყიდვების პარალელურად, შესაბამისი გარანტიებისა და მფარველობის სანაცვლოდ, შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენმა რამდენიმე ეტაპად ვასილ მხეიძეს ნაღდი ფულის სახით გადასცა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების დაახლოებით 10% — 1,900,000 ლარი, საიდანაც ამ უკანასკნელმა პირადი სარგებლის სახით დაიტოვა 400,000 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა სრულად გადასცა ჯუანშერ ბურჭულაძეს.
ამ უკანასკნელმა ქრთამის სახით მიღებული 1,500,000 ლარიდან 750,000 ლარი თავად დაიტოვა, ხოლო თანხის მეორე ნახევარი — 750,000 ლარი, რამდენიმე ეტაპად, ასევე ქრთამის სახით, ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს", — ითქვა პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.

დანაშაული 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.