ქვეყანაში 4 კილოგრამამდე "ალფა-პვპ"-ს გავრცელების მცდელობა აღიკვეთა. შსს-ს ცნობით, ამოღებული ნარკოტიკის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 1.5 მლნ ლარს შეადგენს.

როგორც "ტვ პირველთან" ადვოკატი ნუნუ თორდია აცხადებს, დაკავებული რუსეთის მოქალაქეა.

"დაკავებული პირი, უცხო ქვეყნიდან მისთვის შენიღბულად გამოგზავნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციას გეგმავდა, დაკავებულს აღნიშნული ნარკოტიკი თბილისში მდებარე ერთ-ერთ ავტოსადგომზე უნდა მიეღო.

სამართალდამცველებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულისთვის გამოგზავნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი — 4 კილოგრამამდე "ალფა-პვპ" საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში ნივთმტკიცებად ამოიღეს, ხოლო ადრესატისთვის ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს.

ბრალდებული ამანათს, მის მიერ წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, თბილისში, ავტოსადგომზე დახვდა, რის შემდეგაც დედაქალაქის დატოვებას შეეცადა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ კაცი თბილისის გასასვლელში, მისივე მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერა. სამართალდამცველებმა ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს ამანათი, ასევე, ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები", — წერს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე, 19-260-ე პრიმა და 19-260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.