პატიმრობაში მყოფი ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ 17 აგვისტოს გამოქვეყნებული წერილის ნაწყვეტი ივლისში მამუკა მდინარაძისგან მიიღო. მან ხელისუფლებას შეუთვალა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებდა, თუმცა "რაკი რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ მე პოლიტიკაში დაბრუნებულიყო, ამისთვის აუცილებელი იყო მისთვის კორუფციული ბრალის წარდგენა და მის მიერ მისი აღიარება". ღარიბაშვილი რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული წერილში წერს, რომ "სხვა გამოსავალი აღარ აქვს, იძულებულს ხდიან, დაიწყოს ბრძოლა".

წერილის დასაწყისში ღარიბაშვილი წერს, რომ "უარი თქვა სამართლებრივ ბრძოლაზე და ბოლომდე გაჰყევი მისთვის გამანადგურებელ პროცესს, რათა არ დაეზიანებინა სახელმწიფოსა და გუნდის ინტერესები"

"საზოგადოებას მინდა ვუთხრა სიმართლე, თუ რატომ ვზივარ ციხეში. შარშან დაწყებული ე.წ "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის" კამპანიის მთავარი მიზანი იყო ჩემი ციხეში ჩასმა და პოლიტიკურად განადგურება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ თავიდან ამერიდებინა გუნდთან და ჩემთვის ძვირფას ადამიანთან დაპირისპირებაში შესვლა. სწორედ ამ მიზნით, მე უარი ვთქვი სამართლებრივ ბრძოლაზე და ბოლომდე გავყევი ჩემთვის გამანადგურებელ პროცესს, რათა არ დამეზიანებინა სახელმწიფოსა და გუნდის ინტერესები.

სამწუხაროდ, სანაცვლოდ მივიღე დადგმული ბინძური პროვოკაცია, ბევრი ტყუილი და უსამართლობა. საზოგადოებას ჩემგან არცერთი სიტყვა არ სმენია მთელი ამ ხნის განმავლობაში. მე სრული მოთმინებით მივიღე ეს განსაცდელი.

მაგრამ ჩემთვის მოულოდნელად, ივლისში მივიღე ჩემს მიერ გუშინ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ. იმავე დღეს, მე მას გავაგებინე ჩემი პოზიცია, კიდევ ერთხელ დავუფიქსირე, რომ არ ვაპირებდი პოლიტიკაში დაბრუნებას და აღნიშნული "რისკის" გადაზღვევის მიზნით შევთავაზე ჩემი ხედვა. მაგრამ მათ საპასუხოდ შემომითვალეს, რომ მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ მე პოლიტიკაში დავბრუნდებოდი და ამისთვის აუცილებელი იყო ჩემთვის კორუფციული ბრალის წარდგენა და ჩემ მიერ მისი აღიარება.
ეს იყო წითელი ხაზი, რამაც გადამადგმევინა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული ნაბიჯი. შესაბამისად, რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა...", — წერს ღარიბაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებულ წერილში ექსპრემიერმა მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას დააკისრა.

დღეს, 18 აგვისტოს გამართულ ბირფინგზე პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ არ იცის რაზეა საუბარი ღარიბაშვილის წერილში. რაც შეეხება ღარიბაშვილის და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოებას, პრემიერის თქმით, მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოება დაცულია, ეს "სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა".