საქართველოს მთავრობამ თბილისის ცენტრში მდებარე NATO-სა და EU-ის ყოფილი საინფორმაციო ცენტრის შენობა აუქციონზე 35 მილიონ ლარად (13 მილიონი დოლარი) გაყიდა. როგორ OC Media წერს, შენობა სახელმწიფო საკუთრებაში იყო და მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

საინფორმაციო ცენტრი 2005 წელს დაარსდა, ევროკავშირისა და NATO-ს შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით. მისი საქმიანობა 2025 წლის ივნისში შეჩერდა, ხოლო ფუნქციები საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

შენობის საწყისი ფასი 14 მილიონი ლარი (5 მილიონი დოლარი) იყო, თუმცა საბოლოოდ იგი ორმაგზე მეტ ფასად მიჰყიდეს ბიზნესმენ კახა-კობა ივანოვს — კომპანია Geotech Distribution-ის ხელმძღვანელს. გავრცელებული ინფორმაციით, ივანოვს მჭიდრო კავშირები აქვს, ქართული ოცნების მაღალჩინოსნებთან. ჯერ-ჯერობით უცნობია, რას გეგმავს ივანოვი ამ შენობაში.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ივანოვს მაქსიმუმ ოთხი წელი აქვს იმისთვის, რომ ქონებაზე კომერციული ან ბიზნეს საქმიანობა წამოიწყოს — პირდაპირ თუ მესამე პირის მეშვეობით. ფართი შეიძლება გამოყენებულ იქნეს საოფისედ, საერთაშორისო სასტუმრო კომპანიის მართვის ქვეშ, ან საცალო ვაჭრობისა და კვების ობიექტებისთვის. ყოველდღიური მოხმარების პირველადი საჭიროების საქონლით მოვაჭრე საცალო ობიექტები გამორიცხულია.

ამას გარდა, ივანოვი ვალდებულია შენობაში სულ მცირე 5 მილიონი ლარის (2 მილიონი დოლარი) ინვესტიცია განახორციელოს (დღგ-ის გარეშე). მან ასევე ხელი უნდა მოაწეროს ძეგლის მოვლა-პატრონობისა და დაცვის ხელშეკრულებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ან თბილისის მერიასთან.