სელენა გომესის ადვოკატი თაღლითობის შესახებ წაყენებულ ბრალდებებს პასუხობს. ცოტახნის წინ სელენა გომესის მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპის, Wondermind-ის, რამდენიმე ინვესტორმა პოპვარსკვლავს უჩივლა და განაცხადა, რომ სტარტაპის წარმატებასა და მასში მომღერლის ჩართულობასთან დაკავშირებით შეცდომაში შეიყვანეს.

"ბრალდებები იმის შესახებ, თითქოს სელენა გომესი რაიმე ფორმით მონაწილეობდა ეგრეთ წოდებულ 'თაღლითობაში' ან სხვა კანონდარღვევაში, ფაქტობრივადაც და იურიდიულადაც სრულიად უსაფუძვლოა. ჩვენ მკაცრად დავიცავთ თავს ამ ცრუ ბრალდებებისგან. მეტიც, სასამართლოს უკვე მივმართეთ მოთხოვნით, რომ მომღერლის წინააღმდეგ მიმართული ეს უსაფუძვლო სარჩელი გაუქმდეს", — განაცხადა სელენა გომესის ადვოკატმა, მეთიუ როზენგარტმა.

სასამართლო დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ სტარტაპი Wondermind 2021 წელს დაფუძნდა, სელენა გომესი კი თანადამფუძნებლისა და მარკეტინგის ხელმძღვანელის პოზიციებს იკავებს. სტარტაპის ვებგვერდი ვიზიტორებს სიახლეების გამოწერას სთავაზობს და ჰპირდება, რომ პლატფორმა მენტალურ ჯანმრთელობაზე ყოველდღიურ ზრუნვას გაუმარტივებს.

სარჩელში ხუთი ინვესტორი აღნიშნავს, რომ 2022 წელს კომპანიაში $1.2 მილიონი ჩადეს იმ მოლოდინით, რომ გომესი კომპანიის განსავითარებლად საკუთარ ვარსკვლავურ გავლენასა და სოციალურ ქსელების უზარმაზარ აუდიტორიას გამოიყენებდა.

ინვესტორებმა უჩივლეს როგორც სელენა გომესს, ისე მომღერლის დედას (რომელიც კომპანიის თანახელმძღვანელია) და მათ ყოფილ ბიზნესპარტნიორს. ბრალდებულებს ფასიანი ქაღალდებით თაღლითობასა და კონტრაქტის დარღვევაში ადანაშაულებენ. ინვესტორები ითხოვენ ჩადებული ფულის უკან დაბრუნებას და დამატებით, ზარალისა და ადვოკატის ხარჯების ანაზღაურებას.