ჰოგვორტსში ოფიციალურად დაბრუნებამდე სულ რამდენიმე თვეღა გვაშორებს და სანამ დეკემბერში ჰარი პოტერის სერიალის პრემიერა შედგება, HBO-ს უკვე შემდეგ სეზონებზე მუშაობაც დაუწყია. როგორც ალბათ უკვე იცით, პოტერიადის შვიდტომეულის ყოველი წიგნის ადაპტაციას სერიალის თითო სეზონი დაეთმობა; ამდენად, მეორე სეზონი ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახის ეკრანიზაცია იქნება. სწორედ ამ სეზონზე შეუერთდება ვარსკვლავურ სამსახიობო გუნდს კიდევ ერთი ცნობილი სახე — ინგლისელი კინოვარსკვლავი ნიკოლას ჰოლტი.

ჰოლტი, რომელსაც მაყურებელი ყველაზე მეტად X-Men-ში, Superman-სა და Warm Bodies-ში შესრულებული როლებით იცნობს, ჰარი პოტერის სერიალში ჰოგვორტსის ახალ პროფესორს გილდეროი ლოკჰარტს განასახიერებს. პროფესორი ლოკჰარტი, ჯადოქრების სამყაროში ნამდვილი სუპერვარსკვლავი და გმირად ცნობილი მაგი, ბნელი ძალებისგან თავდაცვის პედაგოგი სკოლაში ჰარის სწავლის მეორე წელს ხდება. პერსონაჟის როლი ფილმში ოსკაროსანმა ირლანდიელმა მსახიობმა კენეთ ბრანამ შეასრულა.

ფოტო: Warner Bros.

ჰარი პოტერი HBO-ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც, როგორც ცნობილია, მთელ ათწლეულს გასტანს. ამასთან, ჯოან როულინგის წიგნების მორიგი ეკრანიზაციის ბიუჯეტი ისეთ გიგანტებს გაუტოლდება, როგორებიცაა Game of Thrones და House of the Dragon. პროექტში აქტიურადაა ჩართული თავად როულინგიც, რომელიც სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერი გახლავთ. მწერლის თქმით, იგი "შედეგით კმაყოფილია".

თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…