გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს.

IPN-ის ცნობით, ამ ეტაპზე მძღოლის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანა ვერ ხერხდება, რადგან მას კლინიკაში შესაბამისი სამედიცინო პროცედურები უტარდება.

12 აგვისტოს ღამეს გომის მთაზე ტურისტების მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა, რის შედეგადაც 4 მგზავრი ადგილზე დაიღუპა.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის, გია კიკაბიძის ცნობით, კლინიკაში 11 პირი გადაიყვანეს, მათ შორის 6 — არასრულწლოვანია. დაშავებულები ბელარუსის მოქალაქეები არიან.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.