დასავლეთ კოლუმბიაში სამაშველო ჯგუფები ნანგრევებში გადარჩენილებს ეძებენ. 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ, რომელიც 21-ე საუკუნეში ქვეყნისთვის ყველაზე გამანადგურებელი აღმოჩნდა, სულ მცირე 254 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

სტიქიამ, რომელმაც ქვეყნის ყავის მწარმოებელ რეგიონს ყველაზე მძიმედ დაარტყა, დააზიანა და მიწასთან გასწორა საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები და სამედიცინო დაწესებულებები. დაღუპულთაგან 101 ადამიანი ქალაქ პერეირაში, ხოლო 95 — სიდიდით მესამე ქალაქ კალიში აღრიცხეს.

ეპიცენტრთან ახლოს, ჩოკოს რეგიონში მცხოვრებნი კვლავ ელექტროენერგიისა და ელემენტარული პირობების გარეშე არიან დარჩენილნი, რაც საძიებო-სამაშველო ოპერაციას საგრძნობლად ართულებს. მაშველები, მძიმე ტექნიკასთან ერთად, შიშველი ხელებითა და "ცოცხალი ჯაჭვებით" ცდილობენ ჩამოქცეული შენობების ქვეშ ჩარჩენილი ადამიანების გადარჩენას.

Reuters წერს, რომ კატასტროფა ახალი პრეზიდენტის, აბელარდო დე ლა ესპრიელიას ინაუგურაციიდან რამდენიმე დღეში მოხდა. ქვეყნის პირველი პირველი დაზარალებულ რეგიონებში უკვე ჩავიდა და მოსახლეობას ეკონომიკურ დახმარებას დაჰპირდა. პარალელურად, ყავის ეროვნული ფედერაცია ფერმებსა და ინფრასტრუქტურაზე მიყენებულ ზარალს ითვლის.