როცა ყოველ ფეხის ნაბიჯზე სარეკლამო ბანერი გვხვდება, უკვე რთულია, რეკლამამ ხალხზე შთაბეჭდილება მოახდინოს — სწორედ ამიტომ, Netflix საქმეს სერიოზულად მიუდგა.

სტრიმინგ პლატფორმამ ლოს-ანჯელესში ისეთი სარეკლამო ბანერი განათავსა, რომელშიც ნამდვილი ადამიანი ცხოვრობს. ახალი სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმის, The Last House-ის წარსადგენად, 9 მეტრის სიმაღლეზე დამონტაჟებულ ოთახში უცნობი მსახიობი დააბინავეს, რამაც გამვლელთა ყურადღება მაშინვე მიიპყრო.

ფოტო: Gina Ferazzi / Los Angeles Times

"დეკორაციაში გამოკეტილი მსახიობი შეეცდება ცხოვრების ჩვეული რიტმი შეინარჩუნოს" — ნათქვამია Netflix-ის განცხადებაში — "ქვემოთ მყოფ გამვლელებთან და მძღოლებთან კომუნიკაციას თეთრი დაფის საშუალებით დაამყარებს, რაც ფილმში ოჯახის იზოლაციაზეც მიანიშნებს".

მასშტაბურ ბანერზე გამოსახულია სახლი ყალბი წინა კარით, ყალბი საკვამურითა და სუროთი, თუმცა რეალური ოთახით, სადაც მსახიობი ყველასთვის თვალსაჩინოდაა წარმოდგენილი. გამვლელები დეკორაციაზე ხედავენ ფილმის დასახელებასა და წარწერას:

რამდენ ხანს შეძლებ გადარჩენას?

ფოტო: KRNV

რის შესახებაა ფილმი The Last House?

Netflix-ის სამეცნიერო-ფანტასტიკურ საშინელებათა ფილმში მთავარ როლებს გრეტა ლი და ვაგნერ მოურა შეასრულებენ.

ლუი ლეტერიეს რეჟისორობით გადაღებული ფილმი მოგვითხრობს ოჯახზე, რომელიც უეცრად საკუთარ სახლში ჩაიკეტება. ოჯახის წევრებს მოუწევთ ერთად იბრძოლონ გადარჩენისთვის, როგორც ამოწურვადი რესურსების, ისე იმ ამოუცნობი საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც მათ სახლში ამწყვდევს.

ფოტო: Netflix

იმისათვის, რომ შვილები არ შეაშინონ, მშობლები იძულებულნი არიან, ისე მოიქცნენ, თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ შენობაში კვირებისა და თვეების გატარებასთან ერთად, სიმართლის დამალვა სულ უფრო ძნელდება და ურთულესი გადაწყვეტილებების მიღების დრო დგება.