შსს-ს ინფორმაციით, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან სასიგნალო შეტყობინება შევიდა.

"დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური მომატების შემთხვევაშიც აფიქსირებს ცვლილებას, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება.

პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" ადგილზე მყოფი მოქალაქეების, ასევე გამშვებ პუნქტში დასაქმებული საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციისა და კერძო კომპანიის თანამშრომელთა უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია განხორციელდა.

ამავდროულად, პრევენციის მიზნით, სოფელ გველეთთან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ორივე მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია," — წერს უწყება.