ახლახან მიცემულ ინტერვიუში ჯენა ორტეგამ კარიერის ადრეული წლები გაიხსენა. ორტეგას ჰკითხეს, ადრეულ პროექტებში მონაწილეობისას უშვებდა თუ არა ისეთ შეცდომებს, რომლებიც დამწყები მსახიობებისთვის არის დამახასიათებელი.

ჯენას თქმით, ბავშვობაში მსგავსი არაფერი ახსენდება. მსახიობმა აღნიშნა, რომ ახლა ბევრად უფრო ხშირად უშვებს შეცდომებს, მაშინ კი გადასაღებ მოედანზე მოხვედრით იმდენად გახარებული და მადლიერი იყო, რომ საქმეზე მაქსიმალურად ფოკუსირდებოდა და უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა.

თუმცა, ორტეგამ გაიხსენა ერთი უკიდურესობა, რომელსაც ასეთი დიდი მონდომების გამო მიმართავდა. "ერთ ყლუპ წყალსაც კი არ ვითხოვდი. მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი, რადგან ძალიან არ მინდოდა, რომ ვინმესთვის ხელი შემეშალა. შესაძლოა, ჩემი შეცდომაც სწორედ ის იყო, რომ საკუთარ თავზე საერთოდ არ ვზრუნავდი", — დასძინა მსახიობმა.

ფოტო: Getty

ორტეგამ ისიც გაიხსენა, თუ როგორ გადაწყვიტა 7 წლის ასაკში პროფესიონალი მსახიობი გამხდარიყო. "როდესაც მშობლებს ჩემი სურვილის შესახებ ვუთხარი, მათ გაეცინათ. თუმცა, სწორედ ეს რეაქცია იქცა ყველაფრის საწყისად — ჩემს მთავარ მოტივაციად. ხასიათით იმდენად ჯიუტი ვარ, რომ მას შემდეგ უკან აღარ დამიხევია და საკუთარ არჩევანში ეჭვი არასდროს შემპარვია", — დასძინა მან.

გარდა ამისა, ორტეგამ აღნიშნა, რომ მის შემოქმედებით განვითარებაზე განსაკუთრებული გავლენა დაკოტა ფენინგმა მოახდინა. მსახიობის თქმით, სწორედ ის იყო ადამიანი, ვინც ბავშვობაში დაანახა, თუ რას ნიშნავდა სინამდვილეში მსახიობობა.

ფოტო: Netflix

ჯენას ჯიუტმა გადაწყვეტილებამ, არასდროს ეთქვა უარი სამსახიობო კარიერაზე, ნამდვილად გაამართლა. Netflix-ის სერიალში Wednesday შესრულებულმა როლმა ის ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ახალგაზრდა ვარსკვლავად აქცია. მას შემდეგ მსახიობმა ისეთ პროექტებში ითამაშა, როგორებიცაა Scream, Scream VI და Beetlejuice Beetlejuice, წინ კი ახალი ფილმი — Klara and the Sun ელოდება.