მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვნები ნ.ი. და ა.ბ. დააკავეს — ინფორმაცია საქმის პროკურორმა, ქეთევან სონიძემ NEWS.On.ge-ს დაუდასტურა.

პროკურორის განცხადებით, ნ.ი. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 25-117-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ლ" ქვეპუნქტით დააკავეს, რაც "ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზებას" გულისხმობს.

არასრულწლოვნის დაკავების კადრები ადვოკატმა გიორგი ლეკიშვილმა გაავრცელა. კადრებში ნ.ი.-ს ოჯახის წევრებსა და პოლიციელებს შორის დაძაბულობა ჩანს. ოჯახი სასამართლოს განჩინების ნახვას მოითხოვდა, რომლის საფუძველზეც მათ არასრულწლოვან შვილს აკავებდნენ.

IPN-ის ცნობით, ნ.ი. დაკავებისას შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

ვინ არის ნ.ი.?

ნ.ი. მოკლული გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია. ის გიგა ავალიანის საქმეზე მსჯავრდადებულის, არასრულწლოვანი ა.გ.-ს შეყვარებულია. ა.გ. დამნაშავედ სცნეს ჯანმრთელობისთვის ისეთი მძიმე დაზიანების მიყენებაში, რომელმაც სიკვდილი გამოიწვია. ნ.ი. ავალიანის მოსწავლე იყო. მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე დიდი ხანია ნ.ი.-ს დაკავებას ითხოვს.

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დამატებითი დეტალები იხილეთ აქ.