სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის ბრალდებით საქართველოში მცხოვრები ნიგერიის მოქალაქე და "საფეხბურთო კლუბ გარდაბნის" მწვრთნელი დააკავა.

უწყების ცნობითმ, ბრალდებულები ნიგერიის სხვა მოქალაქეს დაჰპირდნენ, რომ საქართველოში დროებითი ბინადრობის უფლების მიღებაში დაეხმარებოდნენ. ამისთვის ის ფიქციურად გააფორმეს გარდაბნის საფეხბურთო კლუბის მოთამაშედ, რის სანაცვლოდაც 3000 დოლარი გამოართვეს.

აღნიშნული დანაშაული7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მცხოვრებმა ნიგერიის მოქალაქემ და შპს "საფეხბურთო კლუბ — გარდაბნის" მწვრთნელმა, საქართველოს დროებითი ბინადრობის მოწმობის აღებაში დახმარების მიზნით, ნიგერიის მოქალაქე ფიქტიური ხელშეკრულებით გააფორმეს ამავე საფეხბურთო კლუბში, რის სანაცვლოდაც მისგან აიღეს 3000 აშშ დოლარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", — აღნიშნულია უწყების განცხადებაში.