ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულია ბათუმის მერიის ა(ა)იპ "მუნიციპალური ინსპექციის" სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი, რომელიც უნებართვო მშენებლობის მფარველობაში და დიდი ოდენობით ქრთამის აღებაშია ბრალდებული.

გამოძიების ცნობით, ინსპექციის თანამშრომელი მოქალაქეს შეჰპირდა, რომ ბათუმში უკანონოდ აშენებულ კომერციულ ფართზე კანონით გათვალისწინებულ ჯარიმას არ დააკისრებდა, სანაცვლოდ კი ფული მოითხოვა. სამართალდამცველებმა იგი უშუალოდ დანაშაულის ჩადენის დროს, ქრთამის აღებისას აიყვანეს. დაკავებულის მოვალეობა ქალაქში მიმდინარე მშენებლობების კონტროლი და უკანონო სამუშაოებზე რეაგირება იყო — მას 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე დააკავეს ქ. ბათუმის მერიის ა(ა)იპ "ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის" სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა საქართველოს მოქალაქისგან, ქ. ბათუმში უკანონოდ აშენებულ კომერციული დანიშნულების ფართზე კანონით დადგენილი ჯარიმის თავიდან აცილების სანაცვლოდ, ქრთამი აიღო, რა დროსაც დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

"ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში" დაკავებულის უშუალო მოვალეობას წარმოადგენდა ქ. ბათუმის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა კლასის სამშენებლო ობიექტის კონტროლი, ასევე, უნებართვოდ მიმდინარე და უკვე უკანონოდ განხორციელებულ სამუშაოებზე კანონით განსაზღვრული რეაგირების მოხდენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", — აღნიშნულია უწყების განცხადებაში.