Spider-Man: Brand New Day-ს მსოფლიო პრემიერიდან მალევე, ფილმის მაღალხარისხიანი სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა და მისი ნახვა მილიონობით ადამიანმა მოასწრო. მომხმარებელ Fredrick Bryan-ის მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეომ 5,9 მილიონზე მეტი ნახვა, 143 000-ზე მეტი მოწონება და 10 000 გაზიარება დააგროვა. ვიდეო პლატფორმა X-დან უკვე წაშლილია.

ფილმის ასლები X-ის რამდენიმე სხვა მომხმარებელმაც ატვირთა, თუმცა ეს ვიდეოებიც მალევე წაიშალა. როგორც წესი, კინოსტუდიები საავტორო უფლებების დარღვევის შესახებ გაფრთხილებას უგზავნიან ყველას, ვინც არაავტორიზებულ ვერსიებს აქვეყნებს. თუმცა, როდესაც საქმე ყველაზე პოპულარულ ახალ ფილმებს ეხება, პოსტების უზარმაზარი ნაკადის გამო, სიტუაციის დროულად გაკონტროლება და აღმოფხვრა ხშირად დიდ სირთულეს წარმოადგენს. ამიტომ, Spider-Man: Brand New Day-ს გავრცელებული ვერსია რამდენიმე საათით ხელმისაწვდომი იყო.

ცოტა ხნის წინ პლატფორმა X-ზე ოდისეის მაღალი ხარისხის სრული ვერსიაც გავრცელდა. ანგარიშის დაბლოკვამდე, დაახლოებით ორსაათ-ნახევარში, ოდისეას პოსტს 2 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა.

Spider-Man: Brand New Day კინოთეატრებში 31 ივლისს გამოვა და Spider-Man: No Way Home-ის მოვლენებიდან ოთხი წლის შემდეგ გააგრძელებს პიტერ პარკერის ისტორიას. ფილმში როგორც ნაცნობ, ისე სრულიად ახალ სახეებს ვიხილავთ. მარკ რუფალოს (ჰალკი) და ჯონ ბერნტალის (Punisher) გარდა, ეკრანებს უბრუნდება მაიკლ მანდოს პერსონაჟი — მორიელი (Scorpion), რომელიც მაყურებელმა Spider-Man: Homecoming-დან გაიცნო. სამსახიობო გუნდს ასევე შეუერთდნენ სეიდი სინკი, ტრამელ ტილმანი, ლიზა კოლონ-ზაიასი და მარვინ ჯონს II, რომელიც ტომბსტოუნის როლს შეასრულებს.

Spider-Man: Brand New Day-ს პრემიერა საქართველოში 6 აგვისტოს შედგება.