"საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის" (GREDA) გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი აბრამიშვილმა, ტელეკომპანია "ფორმულას" ვანო ზარდიაშვილის გადადგომის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურა. აბრამიშვილის განცხადებით, იგი ზარდიაშვილის წასვლას "სემეკის“ დასკვნას არ უკავშირებს.

"შვებულებაშია ახლა და მერე წავა. არ მგონია, მისი წასვლა სემეკს უკავშირდებოდეს. სემეკის დასკვნას არ ვეთანხმები, იქ სუბიექტურ მიზეზებზეა საუბარი. ის ვერ იქნება, რომ ზარდიაშვილის ბრალია, რომელიც 1 წელია აქ არის. ის, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემები აქვს ჩვენს ხაზებს, ათეულობით წლებია, ერთი პიროვნების ბრალი ვერ გახდება.
სემეკის შეფასება ობიექტური არ იყო და ეს ზარდიაშვილმაც იცოდა, ამიტომ ეს [მისი წასვლის მიზეზი] ვერ გახდებოდა. საქართველოში იმყოფება როგორც ვიცი. ძალიან ეფექტურ მენეჯერად მივიჩნევ და ადამიანად, რომელმაც დიდი ხნის არეული სისტემა დაალაგა და გამჭვირვალე გახადა," — განაცხადა აბრამიშვილმა "ფორმულასთან" საუბრისას.

ზარდიაშვილის გადადგომის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად BMG-მ გაავრცელა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ზარდიაშვილის გადადგომა 24-25 ივლისს, საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვას უკავშირდება. BMG-ის ცნობით, ზარდიაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა და ამჟამად შვებულებაში იმყოფება.