ქართველი მუსიკოსის, ალექსანდრე კორძაიას, იგივე Kordz-ის დედა, ასევე მუსიკოსი თამრიკო კორძაია, მისი შვილის წინააღმდეგ ხელისუფლებისა და სახელისუფლებო მედიების მიერ წარმოებულ კამპანიას ეხმაურება. სწორედ ამ კამპანიის ფონზე, დანიის კულტურის ინსტიტუტმა გორში Kordz-ის დაგეგმილი კონცერტი გააუქმა.

თამრიკო კორძაიას შეფასებით, მისი შვილის გარშემო განვითარებული მოვლენები ტერორისა და მობინგის ეტაპზე გადავიდა. მისი თქმით, ეს ადამიანის ფსიქოლოგიური დანგრევისა და, მათ შორის, მისი იდენტობის შეცვლის მცდელობას წარმოადგენს, რაც, კორძაიას შეფასებით, განსაკუთრებით მძიმეა ხელოვანისთვის. ის მიმდინარე მოვლენებს ფაშიზმის, ჰიტლერისა და სტალინის პერიოდის რეპრესიებს ადარებს და ამბობს, რომ მსგავსი პროცესები დღეს პუტინის რუსეთსა და საქართველოშიც მიმდინარეობს.

"ყველაფერი გადავიდა ტერორის, მობინგის, ადამიანის განადგურების ახალ ხარისხში. რადგან არ ვარ ახლა საქართველოში და ცოტა უფრო სხვა პერსპექტივიდან ვუყურებ, დამტკიცებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს მართლა ასეა.

ეს ადამიანის დანგრევა, მისი იდენტობის შეცვლაა, ეს არის ყველაზე დიდი საშინელება ხელოვანისთვის, რაც კი შეიძლება მას გაუკეთონ. ეს ხდებოდა ფაშიზმის დროს, ჰიტლერის დროს, ეს ხდებოდა სტალინის დროს, ეს ხდება პუტინის რუსეთში და ეს ხდება ახლა საქართველოში.

იმიტომ კი არა, რომ ეს ალექსანდრე არის და ჩემი შვილი არის. მე და ალექსანდრეს სხვანაირი ურთიერთობა გვაქვს, ჩვენ არ ვართ მარტო დედა-შვილი, ეს არის თანამშრომლობა, ჩვენ ვართ მუსიკოსები, რომლებიც ერთად ვმუშაობთ, ერთად ვფიქრობთ მუსიკაზე, ერთად ვფიქრობთ ბევრ სხვადასხვა რაღაცებზე მუსიკის გარდა.

...სულერთია როგორ დამთავრდება ალექსანდრე დარჩება საქართველოში თუ წამოვა, მას ისეთი განცდები შეხვდა ბოლო ორი წლის თუ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, რომ ალბათ ეს არასოდეს არ ამოვა ადამიანის ფსიქიკიდან, ადამიანის განცდიდან", – ამბობს თამრიკო კორძაია.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმა კობახიძემ 25 სექტემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ყველაზე მძიმე ამ ყველაფერში არის ისაა, რომ კონკრეტულ Kordz-ის კონცერტს ევროკავშირი და დანიის კულტურის ცენტრი აფინანსებდნენ, რაც, მისი შეფასებით, "ფაშიზმის წამახალისებელი აქტია". მისივე განცხადებით, ევროპული ბიუროკრატია ამ შემთხვევაში "საბჭოური მეთოდებით" მოქმედებდა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ეს მიდგომები შეიცვლება.

თამრიკო კორძაიას შეფასებით, ქართულმა ოცნებამ ალექსანდრე მიზანმიმართულად აირჩია საერთაშორისო ფონდებისა და საქართველოში მათი საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის გასატარებლად. თამრიკო კორძაიას თქმით, პრემიერმინისტრი კობახიძე ალექსანდრეს ფაშიზმში ადანაშაულებს ისე, რომ არც იცის, რას აკეთებს მუსიკოსი, რა მუსიკას წერს და ვისთან თანამშრომლობს.

მუსიკოსის დედა განმარტავს, რომ ალექსანდრემ ქუჩაში მოსმენილი სიმღერა გაარემიქსა და ამბობს, რომ მუსიკაში ქუჩაში მოსმენილი ხმებისა და ადამიანების ჩანაწერების გამოყენება ჩვეულებრივი პრაქტიკაა.

"ფაქტიურად ქართულმა ოცნებამ ამოირჩია ალექსანდრე იმისთვის, რომ თავისი პოლიტიკა გაატაროს საერთაშორისო ფონდების წინააღმდეგ, მათი მოღვაწეობის წინააღმდეგ საქართველოში, რასაც ისინი აფინანსებენ, ის პოლიტიკის წინააღმდეგ.

პრემიერმინისტრი, ისე, რომ არც ალბათ არც იცის რას აკეთებს ალექსანდრე, რა მუსიკას წერს, ვისთან მუშაობს, აბრალებს ადამიანს ფაშიზმს, რომელმაც გამიქსა [ქუჩაში გაგონილი სიმღერა]. ვინმემ იქნებ აუხსნას ამ ხალხს ეს. გასაგებია, რომ მუსიკოსები არ არიან და არ შეიძლება იცოდეს ყველამ რა არის რემიქსი, რა არის სემპლინგი, რა არის ქუჩაში გაგონილი ადამიანების ჩაწერა", — ამბობს თამრიკო კორძაია.

ვიდეომიმართვის ბოლოს თამრიკო კორძია საზოგადოებას მოუწოდებს, დაფიქრდნენ, რა მიზანს ემსახურება ალექსანდრეს წინააღმდეგ დაწყებული კამპანია. მისი თქმით, ამ პროცესს ადამიანები მეტი წინააღმდეგობით უნდა შეხვდნენ არა მხოლოდ ალექსანდრეს გამო, არამედ იმიტომაც, რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ თითოეულ მათგანს ეხება.


დანიის კულტურის ინსტიტუტმა გუშინ, 23 სექტემბერს, 26 სექტემბერს გორში დაგეგმილი "კამარა ფესტივალი" უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე გააუქმა.

გორში დაანონსებული ფესტივალის გაუქმებამდე სამი დღით ადრე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირსა და იმ დონორ ორგანიზაციებს აკრიტიკებდა, რომლებიც ღონისძიებაში იყვნენ ჩართული. მისი თქმით, მათ უნდა გადაეწყვიტათ, გაემიჯნებოდნენ თუ არა იმ ქცევას, რომელსაც ის რადიკალიზმად კი არა, "ექსტრემიზმად და ფაშიზმად" აფასებს. სამთავრობო პროპაგანდისტულმა ტელევიზიებმა კი ე.წ. ქარდები გაავრცელეს, სადაც Kordz-ს "ფაშისტური ნარატივების გამავრცელებლად" მოიხსენიებდნენ.

ეს მუსიკოსებზე პოლიტიკური აზრის გამო თავდასხმა პირველი შემთხვევა არ არის. 2025 წლის 9 ივლისს ალექსანდრე კორძაიას საკუთარ სახლთან უცხო პირები დახვდნენ და მასზე თავდასხმა სცადეს, მაგრამ მუსიკოსმა გაქცევა მოასწრო.

რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"?

შეგახსენებთ, რომ "ოლე, ოლა" 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე შეიქმნა. სიმღერის ტექსტი ქართული ოცნების წინააღმდეგ გინებას შეიცავს და აქციის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სიმღერად/სკანდირებად იქცა. შემდეგ Kordz-მა ამ საპროტესტო შეძახილის მუსიკალური არანჟირება გააკეთა.

ვინ არის თამრიკო კორძაია?

თამრიკო კორძაია ქართველი პიანისტი და თანამედროვე მუსიკის წარმომადგენელია, რომელიც წლებია შვეიცარიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მას მიღებული აქვს არაერთი ეროვნული და საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის საკაის საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემია და მოცარტის ინტერპრეტაციის სპეციალური პრიზი იაპონიაში, ასევე ვინტერთურის კულტურის ჯილდო. 2008 წლიდან არის შვეიცარიული Mondrian Ensemble-ის წევრი — ანსამბლმა 2018 წელს Swiss Music Prize მიიღო. კორძაია აქტიურად თანამშრომლობს თანამედროვე კომპოზიტორებთან, ასრულებს მათ ახალ და ხშირად მისთვის დაწერილ ნაწარმოებებს და განსაკუთრებით უკავშირდება ქართველი კომპოზიტორის მიხეილ შუღლიაშვილის მუსიკის ხელახალ აღმოჩენასა და პოპულარიზაციას. ის ასევე არის ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტის ფორტეპიანოს პროფესორი და მულტიდისციპლინური ანსამბლ KIOSK-ის წევრი.

2005 წლიდან ის არის ქართულ-შვეიცარიული თანამედროვე მუსიკის ფესტივალის Close Encounters-ის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, რომლის მიზანიც საქართველოსა და შვეიცარიის თანამედროვე მუსიკის სცენების დაკავშირებაა. პარალელურად, კორძაია ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტში (ZHdK) ფორტეპიანოს პროფესორია.

ვინ არის ალექსანდრე კორძაია?

ალექსანდრე კორძაია, სასცენო სახელით Kordz, ქართველი კომპოზიტორი, მუსიკალური პროდიუსერი და ელექტრონული მუსიკის არტისტია, რომელიც 1994 წელს თბილისში დაიბადა და ბავშვობა საქართველოსა და შვეიცარიას შორის გაატარა. მან მუსიკალური განათლება შვეიცარიაში, ბაზელის მუსიკის აკადემიაში მიიღო, სადაც აუდიოდიზაინს, ელექტროაკუსტიკურ კომპოზიციას, ხმის ჩაწერასა და ხმის ინჟინერიას სწავლობდა, მოგვიანებით კი ჰააგის სამეფო კონსერვატორიაში კომპოზიციაზე სწავლობდა. Kordz-ის მუსიკა აერთიანებს კლასიკურ და ორკესტრულ მუსიკას, ელექტრონიკასა და ექსპერიმენტულ ჟღერადობას; ის თანამშრომლობს სხვადასხვა ქართველ და უცხოელ მუსიკოსთან და მისი ნამუშევრები შესრულებულა, მათ შორის, სიმფონიურ ორკესტრებთან. 2026 წელს მან დედასთან, პიანისტ თამრიკო კორძაიასთან ერთად ერთობლივი ალბომი „Find Me“ გამოუშვა.

Kordz-მა 2021 წელს შექმნა პროექტი „Kordz x Sakamoto“, რომელშიც საკამოტოს ცნობილი და ნაკლებად ცნობილი კომპოზიციები საკუთარი სტილით გადაამუშავა. პროექტი ჰოლანდიის ფესტივალზე, Asko|Schönberg Ensemble-თან ერთად, საკამოტოს თანხმობით განხორციელდა.